Sunday, December 25, 2011

ოთარ ჭილაძე

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,

მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.

მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.

მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ქუჩებში წვიმდა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჟღენთილ სიკვდილის გვერდით.

ოთარ ჭილაძე

,,მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე, ალბათ, დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.“

Tuesday, November 29, 2011

ელვა შეგფენია თმაში,

ხმაში შეგპარვია დაღლა,

ისე მჭირდებოდი მაშინ-

როგორც არ მჭირდები ახლა.



მიაქვს მიტოვებულ ჩვენს გზებს

სუნი გალეული საპნის,

შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს

ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.



როგორც გატეხილი ღილი,

აწმყო დაკარგვია წარსულს,

ვითმენ ირონიულ ღიმილს,

იოდს იარაზე წასმულს.



რაც წლებს ქარიშხლიან რიგში

მიმქრალ მაჯასავით უცემს-

ჩემი ბედისწერის წიგნში

ვეძებ ამოსახევ ფურცელს...



შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,

დარჩა დატუქსული ბავშვი...

როგორც არ მჭირდები ახლა-

ისე მჭირდებოდი მაშინ...
ისევ მოხვედი, ისევ საოცრად,

ისევ საოცრად მწყურიხარ თურმე,

და ვთვლი, რომ ისევ ჩემი წყარო ხარ,

და რომ ამ წყურვილს მე ვეღარ ვუძლებ!

იქნებ დამცინი, იქნებ არცა ღირს,

ყველაფერს ასე რომ გეუბნები,

რომ მატკბობ, როგორც წვენი შარბათის,

ან გაპობილი მარწყვის ტუჩები...

ისე გელოდი, ისე მინდოდი,

როგორც გვალვიან მინდვრებს წვიმები,

შენ მიდიოდი და მიღიმოდი,

მოხველ და ახლა მე ვიღიმები...

ნუ გეწყინება, ქურდი მგონიხარ,

ჩემი ვნებების, ჩემი გრძნობების,

ვარ გაძარცვული შენი ნდომისგან,

როგორც ალუბლის მწიფე ყლორტები...

სოცარია, სულ არ შეცვლილხარ,

ისევ ანათებ, ისევ ასხივებ,

ნეტა, ცხადია თუ დამესიზმრა,

რა ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაცილებ!

Thursday, November 24, 2011

ზაფხულს ვემშვიდობები,
გულში, თითქოს აცივდა...
შემოდგომა კარებთან მელოდება - მარტივად...
დილა გამითენდა და მერამდენედ გაწვიმდა...
მე წვიმაში ვეძებდი, შენს სიყვარულს საწვიმრად...

ისევ სევდიანია,
მზე იცინის შორიდან...
ეგ თვალები წარსულში, უმიზეზოდ დავტოვე...
შემოდგომა წვიმით და მოგონებით მოვიდა...
თურმე, ასე ძნელია, უშენოდ სიმარტოვე...

შენი მოგონებები,
ვიცი, ჩემი ნაკლია...
ზაფხულს აღარ ვჭირდები, მაგრამ შენთან მინდება...
თითქოს ჩემს თავს ვეძებ და თითქოს რაღაც მაკლია...
ვიცი ზამთარს უშენოდ, როგორ გაუჭირდება...

მე თუ შევძლებ ატანას,
ვიცი მოხვალ, მიშველი...
მაპატიე ფიქრი და მაპატიე, თამაში...
შემოდგომამ, მე სული დამიტოვა, შიშველი...
შენს სიყვარულს დავეძებ, ისევ ჭვავის ყანაში...

ზაფხულს ვემშვიდობები,
ვეძებ წარსულს, სად არი?
შენმა მზერამ უღმერთოდ, მე წარსულში დამტოვა...
შემოდგომა წავა და ისევ მოვა, ზამთარი...
მე კი, გაზაფხულივით გელი, მაგრამ, მარტო ვარ...

მე წვიმაში ვეძებდი...
შენს სიყვარულს, საწვიმრად...

Thursday, October 6, 2011

ნიკა ჩერქეზიშვილი

არავინ მყავს და არავის ვყავარ,

მივყვები მარტო ღამეულ თბილისს,

ვიტრინის მიღმა წრუპავენ ყავას

ვიღაცეები,

ძალიან თბილი

ღამეა,

მე კი,

რატომღაც მცივა,

ერთმანეთისკენ იწევენ მხრები,

ეს ქუჩა,

ალბათ,

სახლამდე მივა,

სახლამდე,

სადაც არ მოვიხრები

ერთხელაც,

მხოლოდ ვიწვები ზურგზე,

გულაღმა

და მზე ბოლოჯერ ჩავა...

ვიტრინის მიღმა გრძელდება ბლუზი,

არავინ მყავს და არავის ვყავარ.

Wednesday, October 5, 2011

თამაზ მეტრეველი

რაც უნდა მოხდეს, მთებს რომ მთები გადაელეწოს,

გაიხსნას ზეცა, წამოვიდეს ზღვა და ღვარცოფი,

დაინგრას მიწა, ქალაქები კოცონად ენთოს,

დანავარდობდეს ქარიშხალი და ქარაშოტი...

უნდა მოგძებნო, უნდა გნახო, უნდა გიპოვო,

სულ რომ დღეები გადაებას არ სასურველი,

მინდა ჩემს გვერდით სიკვდილის წინ შენ იყო მხოლოდ,

რომ იქაც გამყვეს სამუდამოდ შენი სურნელი...

ქარი ჩადგება, დაწყნარდება ოკეანენი,

გამოიხედავს მზე ცის თაღზე გალაღებული,

შენს სხვას ჩემსავით არასოდეს მოენატრები,

ან ვინ იქნება სხვა ჩემსავით შენი ერთგული...

აქ გამეცინა, მივანგრიე, მიწა, ზეცანი,

ავაბობოქრე ყველა ზღვა და ოკეანენი,

მარტო იმისთვის, ჰო, იმისთვის რომ გამეცანი,

რომ ძილქუშიდან გამომეხსენ ნასიზმარევი...

ასეა მართლაც, სილამაზე დიდი ძალაა,

ბედი და ღმერთი უმიზეზოდ არვის ანიჭებს,

ზოგი ამ ქვეყნად ლეღვის ფოთლის ანაბარაა,

მაგრამ თუ შეხვდი, დაგამუნჯებს და გაგაგიჟებს!!!

Tuesday, October 4, 2011

როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,

გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,

ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად, ჩემი

ცხოვრების ფიქრი იქნები.....

Wednesday, September 28, 2011

დავიღალე

მითხარი, როგორ დავასვენო სული

რომელმაც ფერი დაკარგა,

გაყვითლდა შემოდგომის ფოთოლივით

და გახმობა დაიწყო.

დავიღალე.

მინდა სხეულზე შენი თითებით ნაკადული გავაკეთო

რომ ირაკრაკოს და

სიყვარულის სიმღერა მიმღეროს.

დავიღალე,

მინდა მომეფერო

და შენს მკერდზე დავისვენო,

თვალები დავხუჭო,

შენს სუნთქვაში ჩავიძირო.

გესმის?

მითხარი,

როგორ დავასვენო სული

რომელმაც ფერი დაკარგა,

გაყვითლდა შემოდგომის ფოთოლივით

და გახმობა დაიწყო.

თამაზ ბაძაღუა

ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!

 ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
 ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერებით
 ილუზიაში და მოლოდინში,
 რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
 და ტირილით შევბრუნდე სულში.

 ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
 რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები-
 ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
 რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
 და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
 და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
 გამახსენოს ჩემი სიმხდალე-
 უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...

 საუკუნეა არ უთოვია!
 საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
 საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
 აღარავინ აღარ ლოცულობს!

Saturday, September 10, 2011

უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
 სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
 სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
 ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
 უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
 სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
 ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
 ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე."

Thursday, September 8, 2011

მიყვარდა რადგან,

 შევუნდე ცოდვა

 და უკუღმართი

 სულის ებანი,

 მე ვაპატიე

 დიდი და ცოტა

 და უნებლიე

 შეცოდებანი...



 მაინც ჩამიქრა

 სულში მთიები,

 შემომებურა

 იჭვის მანტია...

 ...ის კი წავიდა

 ნაპატიები

 და პატიება

 არ მაპატია...

               ვასილ ბესელია

ტარიელ ხარხელაური

,,იცოდი, განა, გვირილო,
 მე რომ დღეს წამომტკიოდა.
 ჯერ კიდევ გუშინ არწივი
 წუხდა ამაზე,ჩიოდა.
 ვიყავი გარინდებული,
 ... არ ვიცი,რა მომდიოდა.
 კლდე ვიყავ გაკერპებილი,
 ცრემლები ჩამომდიოდა.
 იცოდი,არა გვირილო,
 მე რომ დღეს წამომტკიოდა.,,

                     

მ ა რ ტ ი

 მე და მარტი

 სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი,
 მან მზე შეიყვარა- მე შენ შემიყვარდი,
 იებში აყვავდა- სულში აგიყვავდი,
 კვირტებში ჩასახლდა -გულში ჩაგისახლდი,
 ფიფქებად დავარდა -თვალში ჩაგივარდი,
 მზე ღრუბლით ადარდა -მეც ტირილით გკლავდი,
 მერცხალს ცაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი,
 ერთად შევიშალეთ მართლა ორი ქალი,
 ......................................................

 მარტი გაიპარა, მე კი შენში დავრჩი!

 მარტი

 აკაციის სურნელს
 ვერ იტევდა ქუჩა,
 კაბა დასველებას
 ვეღარ გადაურჩა.
 ისევ პოეტობას
 იბრალებდა მარტი
 და ჭირვეულ სტროფებს
 აივნებზე დაყრილს,
 ვაგროვებდი შენთვის.
 (აკეცილი კალთით)
 მერე საღამოთი,
 გიკითხავდი დაღლილს.
 წვიმდა...წვიმდა...წვიმდა...
 ფანჯრებს მიღმა წვიმდა,
 მარტი სველ თმებს გზებზე
 და სახლებზე შლიდა.

 მარტი- ლექსის მკერავი

 გამოვჭერი გაზაფხული
 თითო-თითო სტროფებად,
 მარცვალ-მარცვალ მაქმანებად,
 რითმა-რითმა ფოჩებად,
 თარგი ზუსტად მივაზომე,
 თუმცა ზოგგან ამიცდა
 ნაჩუქარი საკაბე
 დამეხა თუ გამიცვდა...
 ვაგლახ,
 სანამ იავადებს
 მარტი,
 ჯერ გიჟ-პოეტობს,
 ლექსისფერი სარაფანი
 შემიკერე პოეტო!

 მარტი

 მარტმა შემოკრა დაირას,
 "მუბარეკ ნოვრუზ ბაირამ!"

 გულ-გაღეღილი ხარფუხი,
 ააფრიალებს ბაირაღს.

 თრიაქი ათრობს მინარეთს,
 გაკივის მოლა მძინარე...

 სარო-ტანს ცეცხლი ედება,
 ჭრელი ქოშები ეხდება...

 სახლთან ჭერამი ხარხარებს,
 მე კი ხარებას მახარებს.

 მარტი

 გამოიბერავს კვირტებს
 მარტი- ფეხმძიმე ქალი,
 გულგახეთქილი ნუში
 და იქვე, გრძელი სკამი...
 პირთეთრი ენძელების
 მუჭებით მასვი წყალი,
 ამიკვიატე ძილში,
 ამიკვიატე ცხადში.
 შენ შემომყევი ერთი,
 იით მოპენტილ ბაღში,
 თუ დაგეკარგე სადმე
 ნუ აგერევი სხვაში.

 გამოიბერავს კვირტებს
 მარტი- ფეხმძიმე ქალი.

 მარტი

 შუა დღის მზეზე
 კატასავით
 ნებივრობს მარტი.
 გვერდს რომ ჩაუვლი
 გაუღიმე,
 ქალია მაინც...

 (არ აირიოს,
 რა იცი რა ეპრიანება.)

                   ნინო ქადაგიძე

Monday, September 5, 2011

ვაჟა ხორნაული



‎***
 პირისპირ დავრჩით,სიკვდილო,
 სხვა ავდარი და დარია.

 დედა,ჩვენ შორის რომ იდგა,
 თანდათან ჩაქრა,მკვდარია.
 სითბო მოაკლდა ქვეყანას,
 ცის მხარეები მკრთალია.

Sunday, August 28, 2011


ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით,

ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში...

ერთხელ მაინც შევმკრთალიყავი შეხებით

თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში...

დილა მშვიდობისა, ჩემო გაზაფხულის საჩუქარო,

დილა მშვიდობისა, მართლა შეყვარებავ ჩემო...

სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო,

ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ!

ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი?

შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა...

ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს
ერთი სურვილი მკლავს - ერთი დღე მამყოფა შენთან!!!!

                                                     Tamuna Taa

Saturday, August 20, 2011

გათელილ გრძნობებს,
შეწყვეტილ ფიქრებს,
ჩამკვდარ ოცნებებს,
გაყინულ მზერას,
მუხლმოყრილ სურვილს:
_''მოვიდეს იქნებ?!''
შემზარავ პასუხს:
_''არა!'' თუ ''ვერა!''
ამწვარ სხეულზე მათრახად ვიქნევ 
და ამ თვითგვემის ჯიუტად მჯერა

Tuesday, August 9, 2011

ვაჟა ხორნაული



‎***
შენც შეგიყვარდება
და ერთწყაროიან კუნძულად
იქცევა სამყარო...

***
საფლავის ღობე
ჟანგმოკიდებული
ჯვარი გადახრილი
სამარის ქვაზე
ხვლიკების პაემანი.

***
ღრუბლის ნაოჭზე ორი პეპელა
ერთი ჯოჯოხეთიდან მოფრენილა
მეორე-სამოთხიდან...

Friday, August 5, 2011

შუქივით შემოგეხვევი

           

ზამთრის ცას გაგილამაზებ,
 დღეებს გიმრავლებ მწვანესა.

 თავდავიწყების ნიავი
 ამოანათებს თვალებსა...

 შუქივით შემოგეხვევი,
 დაგიწვენ გულის მხარესა

               ვაჟა ხორნაული

შეხედე...

  
შეხედე —
 ზეცის ციხე-კოშკიდან
 წვიმის დალალი ჩამოიშალა...
 ვერ დაგივიწყე,
 ზღვის ხმაურივით
 დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
 წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
 ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის...
 მწვანე თვალების დაღლილი შუქით
 ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
 მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
 გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს.
 და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
 აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ...
 სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე
 გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე,
 კი არა ვტირი...
 სულ ერთი წამით
 დარდი გულიდან გამოვახედე.


                          გიორგი ლობჟანიძე

მიკვირს...

   
მიკვირს, უშენოდ როგორ გავძელი,
 მთელი ცხოვრება ბინდი მებურა,
 ასე მეგონა, რომ ვეღარავინ
 გამაცოცხლებდა წინანდებურად.
 მაგრამ მოხვედი,
 მიღმიერ ქარებს
 მოჰყევი, როგორც ბაბუაწვერა,
 ჩემი თავიდან გამიხმე გარეთ
 იმ ძველებური ლექსის საწერად.
 სიყვარული კი, სიზმრის ნაფლეთი,
 რომ აგვარიდოს სვებედს საშინელს,
 მუშაითივით ჯიუტად დგას და
 ჩვენს მღიერ ყოფას აშალაშინებს.
 გაირანდება ბოლო ფიცარიც
 და როს ვშორდებით მბრწყინავ სასტუმროს,
 გული გვწყდება, რომ ყველა სიზმარი
 თვლემისას ვნახეთ, უთავსასთუმლოდ;
 და ვეღარც ერთი ვერ ავიხდინეთ,
 რადგანაც სანამ დილის სიცივე
 მოგვისწრებდა და სულს მოგვითქვამდა,
 მანამდე ც ხ ა დ ი გამოვიძინეთ;
 და რომ სიზმარმაც თავის ამოთქმა
 არ მოისურვა, დარჩა მდუმარი...
 ამასობაში ათასჯერ გაცვდა
 მინდვრების ჭრელი თავსასთუმალი.

                           გიორგი ლობჟანიძე
...და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,
 ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,
 მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,
 რომ არასოდეს დაგიზეპირო
 და არ მომბეზრდე
 ან შენგან წყენა
 გულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...
 ასე უბრალოდ და გამეტებით
 ყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს

              გიორგი ლობჟანიძე

Thursday, August 4, 2011

პირი დაუღია,

ისევ მარტოობას...

ფიქრი მანადგურებს,

დღეა, საშინელი...

ვერ ვხსნი, მერამდენედ...

მარტივ განტოლებას...

ისევ მენტარება,

ის დრო, მაშინდელი...



ცეცხლი მოსდებია,

ფიქრებს ნაავადარს...

გულში ხანძარია,

და ცაც, ალისფერი...

ირგვლივ ყველაფერი,

ისე დაავადდა...

ვერ ვგრძნობ,

დილა თუ...U

მზეა ნაცრისფერი...

ისევ გელოდება,

გული, წარსულიდან...

ძველი მოგონება,

სევდამორეული...

ვიცი, ყველაფერი...

უკვე წარსულია...

უვე ნანახი და

ასე შორეული...

ვიცი, მეფერები...

უცხო თვალებიდან...

ჩემი სიყვარული,

გზაში მიატოვე...

ვხვდები,

მერამდენედ...

მაინც, გავები და...

ისევ მელოდება...

მაინც, სიმარტოვე...


                 ზვიად  კეჭაყმაძე
ბედნიერი ვარ...მოგწვდა მზერა , ფიქრები მოგწვდა..სუნთქვით შეგეკარ, ცხრათვალა მზე - სულში მიზიხარ..

Tuesday, July 26, 2011

ხვალ ხომ,
გაწვიმებას აპირებს...
სევდას,
ვერ დაიტევს ცა და...
ისევ მიატოვებს ნაპირებს...
და ზღვა,
დაგუბდება სხვაგან...

 ხედავ?
რა ფერია დილა...
და ცაც,
გაბერილა ნისლით...
ტალღებს ვეფერები, ფრთხილად...
კენჭებს,
მერამდენედ ვისვრი...

 მე,
ზღვას ნიჟარაში ვუსმენ...
ტალღა მელოდიას არწევს...
ვიცი,
გაწვიმდება უცებ...
და მზეს
..
დაუსველებს ღაწვებს...

 ფეხქვეშ მიწაა და, მაღლა...
 სადღაც,
 უსასრულო ცაა...
 თითქოს,
 მომენატრე ახლა...
 თითქოს უშენობაცაა...

 ხელის გაუნძრევლად,
 ვწევარ...
 ზღვაზე, ჩაძირული გემი...
 შენ რომ,
 მიმატოვე მე ვარ...
შენი სიყვარული, ჩემი...

 ზღვას და
 მელოდიას ვუსმენ...
 წვიმას შემატოვებ,
 წახვალ...
 მგონი მყვარებიხარ,
 თურმე...
 ისე მენატრები, ახლა...

                  ზვიად კეჭაყმაძე

Saturday, July 9, 2011

მე მოვალ შენთან. . .

მე მოვალ შენთან  არა  ისე, როგორც ყოველთვის...
მე მოვალ შენთან სულ სხვანაირი,                            
შენ გამო, შენთვის.    
მოგიტან ვარდებს, პირმოცინარ, სახეგაბადრულ,                                  
გულგადახსნილ ვარდისფერ ვარდებს.          
არაფერს გეტყვი, არ შემოგახვევ ჩემს მღვრიე დარდებს.        
შემოგასხურებ შვების წვეთებს ძველ ტკივილებზე,            
გადაგასვენებ რუხი მთების თეთრ გვირილებზე...              
გაინაბები, გაოცებული ჩემი ქმედებით,    
დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით.      
დახუჭავ თვალებს,                              
თვალებს მოღლილს, სავსეს ტკივილით              
და გადაქანცულს დაგეძინება თბილი ღიმილით...              
მე მოვალ შენთან...                      
მე მოვალ ახლოს,                              
მოვალ ახლოს, მოვალ ახლოს და მოგეფერები,              
მოგეფერები არა სიტყვით,                            
არა შეხებით...  
მხოლოდ ოცნებით – ჩემი ოცნებით,    
მხოლოდ ლოცვით – ჩუმი ლოცვით,                
პაწაწა ლოცვით                            
მოგეფერები...    
მე მოვალ შენთან, არა ისეთი, როგორიც უწინ.    
მე მოვალ შენთან გრძნობით გულუხვი და არა ძუნწი.          
მე დაგიკოცნი...
არა ღაწვებს, არა ბაგეებს,    
რადგან ეს კოცნა კვლავ გაგამწარებს,            
კვლავ მარცხს გაგემებს.    
მე დაგიკოცნი...                
არა თვალებს, არა წამწამებს...    
სულს დაგიკოცნი,                
სულს გატანჯულს, სულს განაწამებს...        
მერე დაგტოვებ არა ისე, როგორც ვიცოდი,
(დაგანახვებ, რომ ადრე თურმე ცუდად მიცნობდი):          
გულში დაგლოცავ, უხმოდ წავალ,  არ გაგაღვიძებ.    
და გრძნობით სავსე, გულით მთელი, სულით ნათელი                    
 სიტყვის უთქმელად გავერევი  უბნის ლოთბიჭებს.          
ღვინოს დავასხამ, ჭიქას ავიღებ
და შენი ლოცვით კვლავ ტვინს წავიღებ...        
შენ კი იხარე, ჰკოცნე ძლიერებს,              
ხელს არ შეგიშლი, იბედნიერე...  
მე მოვალ შენთან, როდესაც გიჭირს – სული გაწუხებს:                                                                                                                       ჩუმად გიშველი  ჩუმად ჩამოგხსნი ტანჯვის მარწუხებს...        
მე მოვალ შენთან, როდესაც გძინავს,
ტკბილ სიზმრებს ხედავ.    
მე მოვალ შენთან,  მოვალ ახლოს,                                      
მოვალ ახლოს და...                                              
მხოლოდ დაგხედავ.                                                            

Friday, July 8, 2011

როდის დავდინჯდები?
ალბათ არასოდეს....
ანდა შეიძლება მაშინ,
როცა ცის სილურჯე აღარ გამაოცებს,
გული არ გამიწევს ქარში.
-როდის დავბერდები?
როცა დროს გაჰყვება
ყოვლისწამლეკავი ეჭვი,
როცა გზად მიმავალს
თვალს არ გამაყოლებს
ვინმე ორბისთვალა ბიჭი,
როცა არაფერი აღარ გამაოცებს,
-როცა დავბერდები,მაშინ?
დიდი არაფერი....
მიწას დავტოვებ და
ჩუმად ავფრინდები ცაში...

Wednesday, June 29, 2011

პაემანზე საკუთარ თავთან


21FEB
Share58
არა…
მშვიდად ვარ,
(თავს ვიმშვიდებ)
ხო! მე მშვიდად ვარ…
არადა ვიწვი,
არადა სხეულს სინახშირე შემოეპარა,
მაგრამ სიჩუმე შემიყვარდა – მაინც არ ვყვირი,
გადამწვარ სხეულს სიმშვიდეში შემოედარა.
არა ცრემლები,
არა სევდა,
ხო! მე ვიღიმი…
არადა სახეს ძლივს ვაკავებ – ვერ ვიმორჩილებ,
ხან ალმაცერა,
ხან შეშლილი და ზოგჯერ არც კი,
მაგრამ ღიმილთან ამ სევდასაც დავაქორწინებ!
და ბედნიერნი ვიმარტოვებთ ასე შეშლილნი
მე და ღიმილი,
მე და სევდა,
მე და სიმშვიდე…

Saturday, June 11, 2011

ვიღაც მღერის თავისთვის,
მე კი ჩემი მგონია,
მის მაგიერ განვიცდი,
რაღაც მელანქოლიას...
ის კი მღერის, არ იცის,
რომ მე კედლებს ვეხლები,
რომ ჩემს სულში ქარი ქრის,
ბევრად თავგამეტებით...
ვიცი, ეს ყველაფერი
მისთვის წუთიერია,
მე კი გულში გაჩენილ,
ბზარებს ვერ მოვრევივარ...
მღერის, მღერის, მისი ხმა,
მიქრის, მიიკლაკნება,
მკერდზე ვერცხლის თილისმა,
ქრება და იკარგება...
ვეღარ ვუძლებ, წავედი,
ის კი ფრთებსა მთავაზობს,
ისე ვარ ნაწამები
ყველაფერზე ვკამათობ...
სადაც უნდა წავიდე,
ბედი უკან მომყვება...
მთვარე ღრუბლებს ამშვიდებს,
მზე ბრაზობს და ცოფდება... 

Wednesday, June 8, 2011

ვშიშობ, არ მოგიტაცონ...

იცი, როგორ მიყვარხარ?


როგორც ბავშვებს ზღაპრები...


როგორც კი დაგინახავ,


ნირვანაში ვვარდები...


და ტერფიდან კეფამდე


მიპყრობს მელანქოლია;


თითქოს სულს მიკეპავდე,


გაყინულს და თოვლიანს...


როგორ გვიან გამოჩნდი,


ბედი არა მქონია;


ბარბაროსი აღმოვჩნდი,


შენთან ომი მდომია...


მაგრამ, იცი, ძვირფასო,


ომისთვის მენანები,


ვშიშობ, არ მოგიტაცონ,


ვშიშობ, თუ გეყვარები... 

Monday, June 6, 2011

სიმშვიდე სუნთქავს

დამებნა სიტყვა,
დავკარგე რითმა,
სიმშვიდის ხავსი მოედო ფიქრსაც.
გული დამშვიდდა,
თითქოს გაცივდა,
ყველა ტკივილი დაცხრა,დაწვრილდა.


თითქოს ქვეყანა უცებ გარინდდა,
ყველა სურვილი სადღაც გაფრინდა,
თითქოს მზე ცაში მართლა გაფითრდა,
მე კი არ ვიცი,ახლა რა მინდა.


აღარც დარდია,
აღარც იარა,
არც სიხარული გამაჩნია რა.
გრძნობამ მიარა,
გზად ჩამიარა
და ყველაფერმა გადამიარა!


ნინო ალადაშვილი

Saturday, June 4, 2011

ეხლა ვკითხულობ
უკვე დაჭმუჭნულ,
უკვე ფერწასულ
ტკივილის დავთრებს.
და მკლავს სურვილი,
ვნება გიჟური,
ამ ტკივილებით უგონოდ დავთვრე.
თუ სიმთვრალეში ვიპოვე შვება,
თუ ტკივილია სიცოცხლის მშვენი
და თუ მომაკლდა დარდთა საგზალი,
შემომაშველე ტკივილი შენი.

Thursday, June 2, 2011

მე ახლა მხოლოდ ამ თოვლით ვცხოვრობ,
მათოვს და მათოვს თეთრი ვარდები,
და როგორც შენი დუმილი - თოვლიც
სავსეა თრთოლვით და ჟრუანტელით...


სავსეა, სავსე... და მხარზე მაზის
მხურვალე თოვლი არწივის მსგავსად.
და შავად ბზინავს ტრამვაის ხაზი,
რომელიც უკვე არ მიდის არსად...


ფრთებშეტრუსული მიფრინავს ქარი,
თითქოს დააფრთხეს ჩემმა ჩრდილებმა...
და მავიწყდება ზურგს უკან მდგომი
მოვალეობა და მორჩილება...♥ 




/ოთარ ჭილაძე/

Monday, May 23, 2011

შენი მონატრების ფერი დამდებია,
შენი სიყვარულის ძალა დამრჩენია,
სულში ჩამისახლდი, ვეღარ გაგიმკლავდი,
გული გამითბა და მერე შემიყვარდი.
ვეღარ გავუძელი შენგან ამდენ სითბოს,
ფიქრი -ფიქრია და დარდიც დამრჩენია,
ტანჯვა-წამებისთვის როგორ გამიმეტე,
ნუთუ არასოდეს არავინ გყვარებია?!
სარკმელს მიმაჯაჭვე, ვეღარ შეგელიე,,
დარდი გამიჩინე, სული შემირყიე,
წლები შეგალიე, ლოდინს შემაჩვიე,
ასე გაგიჟებით როგორ შეგეჩვიე..

Sunday, May 22, 2011

დე...

 დედა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
დე,
შენი პატარა გოგონა
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...
დე,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვით, რომ გზები ამებნეს
და იქნებ ბედისწერაც მოვიდეს...
დე,
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.

უკვე ქარიც შემეჩვია

გრძნობა აღარ იბადება,
აღარც გულს ემღერება,
ჩუმი დარდი იფანტება
გამოუთქმელ ბგერებად.

ზამთრითა ვარ გათელილი,
ვერ ვიგუე სიყალბე,
ეს ლექსებიც ბავშვებივით
გზებზე გადაიღალნენ.

სული ფიქრით დავიმძიმე,
ცრემლებს ჩუმად ვარიგებ,
ეს ბაღებიც მტანჯველ წვიმებს
ვეღარ გამოვარიდე.

გაგიჟებულ, დაღლილ სხეულს
ვერ ამოვდე სადავე,
ეს თვალებიც მარადიულ
გაოცებას მალავენ.

უკვე ქარიც შემეჩვია,
მალე ყინვაც დამაზრობს,
ლექსი ჩემი ეკლესია
თავშესაფარს მთავაზობს!!!

                      სოსო ნადირაძე

Friday, May 20, 2011

სი-ჩუმე,
სი-ცარიელე,
სი...
არეული ცხოვრების დალაგებას ვიწყებ იქნებ სადმე მოგაგნო, იქნებ სადმე აქვე ხარ და ვერ გამჩნევ.
მე ყველაფერი გაგატანე, გაგატანე ყველაფერი რაც გამაჩნდა-დავცარიელდი.
გეძებ ყველგან. ფხიზლად მძინავს, რომ ზარის ხმა არ გამომეპაროს.
ფეხის ხმაზე შევკრთები ხოლმე, გული ამიჩქარდება და მერე ისევ
სი_ჩუმე.
გაღვიძებისას თვალებს ვაცეცებ, ვფიქრობ იქნებ უკვე მოვიდა და გამომეპარა-მეთქი.
ხელის გულზე მაქვს დატეული ჩემი გრძნობები, ვერ ვიმეტებ გადასაყრელად და ისევ გულში ვაბრუნებ, მერე კი ვხვდები რომ ცარიელი ვარ.
მთელი სამყარო ჩამეტეოდა გულში, დიახ აი ამ გულში, ბევრჯერ უნდა გავიმეორო ეს სიტყვა-გული, გული, გული...
იქნებ მისი არსებობა გამახსენონ სიტყვებმა მაინც, რადგან ვეღარ ვგრძნობ.
სულ, სულ წაიღე ყველაფერი, მე გთხოვე დაგეტოვებინა ფიქრები მაინც, მაგრამ არა ასე უარაფროდ, არაფრის გარეშე დავრჩი.
პულსს ვითვლი, ეეერთი....
მეორე აღარ გამოჩნდება დიდი ხანი და სი-ცარიელე.
საათებია, დღეებია, ვითვლი გულის ფეთქვას, რომელიც თითქოს სადაცაა უნდა შემიწყდეს, მაგრამ არა ურცხვად ფეთქავს, ძალიან ნელა, ნელა, კიდევ უფრო ნელა.
გაღვიძებისას(ვიღვიძებ კი?) ნელა ვახელ თვალებს, ნელა, ნელა, ძალიან ნელა.
მინდა ეს მოლოდინი მაინც გაგრძელდეს დიდხანს, ილუზიებმა მაინც გასტანონ სულ ცოტა ხანი.
მე გთხოვე დაგეტოვებინა მოგონებები მაინც, მაგრამ წაიღე ყველაფერი, წაიღე ის რისი წაღებაც ვერავინ შეძლო. თან გაიყოლე ყველა შეგრძნება, სუნთქვა, ჩემი პულსიც კი თან გაიყოლე.
მეგონა წერა გრძნობების გადმოცემა იყო, ახლა კი არაფერს ვავსებ ამ სიტყვებით. მე ჩემი ძველი ტკივილები მენატრება, ის სულელური ტანჯვა მენატრება ჩემი გამოგონილი რომ ყოფილა თურმე.
ერთი, ორი, სამი, ოთხი....
ფეთქავს ეს გული, მხოლოდ მაშინ როცა მესმის კიბეებზე ვიღაცის ჩამოსვლის ხმა და მერე ისევ ამ საშინელ რეალობას ვუბრუნდები, სადაც არც გაზაფხულია, არცერთი სეზონია, არ არის მზე, არ არის ყვავილები, არც თოვს, არც წვიმს, უბრალოდ შავ-თეთრია ჩემი ქუჩა.
სი-ჩუმე,
სი-ცარიელე,
სი-მარტოვე,
სი-...
კარზე კაკუნია, იქიდან მესმის კითხვა-შეიძლება?
და მეც ასე უაზრო ფიქრებს მიცემული, "სი"-ს ვეუბნები მარტოობას და იმ კარს ვუღებ ფართოდ ერთ დროს შენ რომ გიღებდი.

***

მაისს,
შეპარვია მარტი....
თითქოს, გაზაფხულდა, წამით...
წუხელ, 
შეყვარებულს ვგავდი...
ისე მომენატრე, ლამის...
გული გამიჩერდა,
გუშინ...
როგორ დამესიზმრე, ვერ ვხსნი...
მე, 
მზეს შეგინახავ გულში...
მაისს მოგილოცავ ლექსით...
ახლა, გაღვიძების დროა...
მე კი,გაღვიძება არ მსურს...
შენ ხარ, 
ჩემი სულის ტროა...
სულ რომ, ეფერება წარსულს...
ზღვაზე, 
თოლიების გუნდი...
მზეს, რომ ეფიცხება დილა...
მინდა, 
დამესიზმრო წუთით...
რომ მზე, მომანატროს წვიმამ...
მაისს, 
მოგონებით ვივსებ...
ახლა, სიყვარულის დროა...
უცებ მიმოვფანტავ ნისლებს,
ცაზე, მოქუფრული როა...
მაისს,
მოვინატრებ ახლა...
და მზეს, 
გავუგზავნი ღიმილს...
სიზმრად გიპოვი და გნახავ...
და კვლავ, 
უთავბოლოდ ვივლი


                                 ზვიად კეჭაყმაძე
გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა, ყველა ტაბუ ერთად დავარღვიო.
ამბობ,- "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!....


                               თამაზ ბაძაღუა

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,


წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.


თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.


შენ-განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ-უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.




                                        თამაზ ბაძაღუა

Thursday, May 12, 2011

ორივე

 გინდა? - არასოდეს დამეკარგო, 
თუნდაც სულ არაფერს დამპირდე... 
გინდა? - ორივენი ავიბარგოთ - 
თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?.   
ასე შორი არი ღმერთი რახან, 
გზები ვიახლოვოთ შორივე, 
სხვებმა წერტილებად დაგვინახონ 
ოღონდ მარტო არა... ორივე....   
გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი 
გულში თამაშ-თამაშ მიხუტე, 
მარტში აპრილს სითბო გამოართვი 
და შენს მაისებად მიხატე...   
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია 
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე... 
ხელი აღარავის დავუქნიოთ, 
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ....   
ვიდრე ატომებად დავიშლებით. 
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს 
შენი ოთახი და ბალიშები 
ჩემი ღიმილებით მოგირთო?   
ჰოდა, არასოდეს დამეკარგო, 
სითბო ვატრიალოთ მორევად... 
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ, 
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე. 

                             (ნიკა ჩერქეზიშვილი) 
                                                                                                   

მედარდები

ვერ ვიძინებ 
იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ...   
შენზე ვფიქრობ 
იმიტომ, რომ მენატრები...   
მენატრები 
იმიტომ, რომ კარგი ხარ და...   
კარგი ხარ და, უსაშველოდ მედარდები.   
მედარდები 
იმიტომ, რომ ძლივს გიპოვე...   
გიპოვე და... 
დასაკარგად მენანები...   
მოდი ჩემთან, შემოაღე გულის კარი...   
მონატრებავ, უსაშველოდ მენატრები.

                                              ნელიკო გოგუაძე /ნელ/

Monday, May 2, 2011

ამინდის პროგნოზი

მე შენში ისე გამოვიკეტე,

კარს ვერ შემოხსნი შენი ხელებით;

სხვაგან მეძებე...

მე კი აქ ვზივარ

და განგებ გარეთ არ ვიხედები.

აგირევ გზა-კვალს და, რა თქმა უნდა,

უგზოო გზებზე ფეხით გატარებ,

მერე დაჯექი და უჩემობის

დრო-საათები ცაზე დათვალე!

შენ ხარ ღრუბელი,

რომელიც ახლა

თავზე მადგას და ისევ წვიმდება...            

რა უნდა გითხრა? ამდენი წვიმით

ეს სული მართლა შემიცივდება.

ცვალებადია შენი ამინდი

და მოყვავილე შენი სევდები...

ცას ავყურებ და მინდა ვიცოდე _

ცივ წყალს მასხამ თუ... უკვე მზევდები?


                        ცირა ბარბაქაძე

Sunday, May 1, 2011

***

თქვი რამე...

დაარღვიე დუმილი

და მომიქსოვე რამე თბილი

და
                                                                                      
გამძლე სიტყვა,

რომელსაც ჩამაცმევ

და რომლითაც

ვივლი გარეთ

წვიმაში, მზეში,

თოვლში

რომლითაც შენთან ვიჯდები.

და რომლითაც, სახლში წვიმის დროს

დავლევ ჩაის და მოვუსმენ რამეს.

რომელზეც ყოველდღე

ტანს გადავკიდებ,

და სხეულს ვათრევ.

ხოლო ბოლოს

როგორც მძიმე ბრძოლის დასასრულს,

შენგან ამ ჩემს დარღვეულ დუმილს

ტანზე გავიხდი...

და თეთრ დროშად აგიფრიალებ.

თქვი რამე

დაარღვიე დუმილი...

მომიქსოვე რამე თბილი

და გამძლე სიტყვა.


                       დათო ყანჩაშვილი

Thursday, April 28, 2011

დღესაც გრძელდება დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცვლის ხასიათს
ქარი, სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....

მე, შეიძლება, დღეს დამეწერა
 ის, რაც მაწვალებს გაჩენის დღიდან,
მაგრამ ჩემს თვალწინს მოწყდა კენწერო,
რომელსაც გუშინ ქარი ვერ ხრიდა.

და ისევ ქუჩებს ვუბრუნებს თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს
და ვიცდი, რადაგნ ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

დღესაც ასეა დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცლს ხასიათს
ქარი... სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....
გამოჩნდა მიწა, ჩუმი და სველი,
ფოთოლზე ფოთლის დაცურდა ლანდი
და გამახსენდა, რომ მთელი წელი
აღარც ისმოდი და აღარც ჩანდი.
ხოლო ის წელი, ის ერთი წელი,
რომელიც უკვე უკუნეთს ერთვის,
ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა
და ღმერთმა იცის, რა იყო შენთვის..

ოთარ ჭილაძე
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით

                        ოთარ ჭილაძე

Wednesday, April 27, 2011

ვნატრობ,

გადავიქცე წვიმად...

ღრუბლებს,

ავედევნო გზაში...

მინდა მოგეპარო, ფრთხილად...

და.,

სულ დაგასველო, წამში...








მინდა,

დამათენო დილა...

და მზე,

უსაშველოდ მწვავდეს...

ღრუბელს,

გამოვექცე წვიმად...

და შენს ბაგეებთან დავდნე...



მე მზე,

გამიღვიძებს დილას...

ტუჩებს დაგიკოცნი, ნამით...

მოვალ,

მონატრებულ წვიმად...

და თმებს დაგისველებ, წამით...



გნატრობ,

მენატრები, ახლა...

დილას შევაგებე წვიმა...

ვიცი...

შენ, უდროოდ წახვალ...

მე კი... შემატოვებ დილას...



მღერის,

მონატრება სულში...

ჩემს გულს, უშენობით, ცივა...

მე მზე....

მივატოვე გუშინ...

ტანზე შემოვისხი წვიმა...



ვიცი,

დაგაბრუნებს ბოლოს...

გული,

არ დაიშლის წადილს...

ერთხელ მაკოცნინე მხოლოდ...

მერე მიმატოვე, წადი...
                        
                           ზვიად კეჭაყმაძე

***

გამიმეორე, ერთხელ კიდევ, გამიმეორე,

რომ შენთან ყოფნის, თუნდ დროებით, მომეც უფლება...

და რომ ჩემს გარდა აღარავის დაიმეგობრებ,

და ტკივილები სულ ადვილად გამიყუჩდება...

არ ამიწონავს არასოდეს ჩემი სიმდიდრე,

ან ეს გრძნობანი როგორ გინდა კაცმა ასწონო?

რად მეშინია, წუთებივით არ გამიფრინდე,

რად მეშინია, ვინმე სხვა არ დაგეპატრონოს...

წუხელ მოთოვა, ირგვლივ ყველგან დაუთოვია,

მე მთელი ღამე ძილ–ღვიძილში შენზე ვფიქრობდი...

არა, მე შენთვის მოწყალება არ მითხოვია,

ისეც ვიცოდი, რომ არაფერს არ დამითმობდი...

თოვლზე ნაკვალევს შენი სახლის კართან მოვყავარ,

ვითვლი ნაბიჯებს, მეშინია მთლად არ გავგიჟდე...

რა ვქნა ასეა, ვაღიარებ, რომ შეცდომა ვარ,

და სანამ კარი ჩამოვიღე, თვითონ გამიღე!


              თამაზ მეტრეველი

***

ერთდროულად ვმშვიდდები და

თან ღელვა მიპყრობს,
                                                                      
აი ისე, როგორც ზღვას                                      

დიდი წვიმების შემდეგ.

ტანზე მოვიხვიე აბრეშუმივით

ნაზი მონატრება

და პეშვშში ჩავიგროვე ცრემლი

დასამიწებლად.
                          ნელ სკარლეტი

                        

შენ დაგაბრალებ...

.
 შენ დაგაბრალებ ეჭვების სევდას,
დარდიან მზერას და გრძნეულ ღიმილს,
 შენ დაგაბრალებ ჩემს ყველა ცოდვას,
ყველა სადარდელს და ყველა ტკივილს!
შენ დაგაბრალებ ვარდების ოხვრას                
და ვარსკვლავების ღვთაებრივ როკვას,
ქარებს, რომლებსაც გაგიფენ ნოხად
ღრუბლებს - წვიმების წვირიან კოკას...

 შენ დაგაბრალებ ყველა სიყვარულს
და ყველა ღალატს, თუ თავგანწირვას,
 მერე ამ სულის ქათქათა ფურცლებს
შენი ცრემლების წვიმა დაწვიმავს...
შენ დაგაბრალებ ყველა სიკეთეს,
მზეების ციალს და ცის ტრამალებს,
მერე მოვკვდები ძალიან მშვიდად
და ამ სიკვდილსაც შენ დაგაბრალებ!..


                     მურად მთვარელიძე

Monday, April 25, 2011

***

დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი სამყაროს?!
მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.                
მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,        
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს,      
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.
გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:
ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!


მე ასეთი ვარ....

მე ასეთი ვარ....

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც  მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.              

დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს,                    
წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია.
და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, -
უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
იღბალს ჩამოვწყდი  თვალნაკრავი გიშრის მძივიდან,
თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი...
თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.

      
ყაყაჩოებმა დამხანძრეს,
                                                                        
გულს ვერ ვიჩერებ საგულეს,

ატმისფერ კაბას ვნატრულობ

და ცვარს ალმასის საყურედ...


ვნატრობ, შენც გწვავდეს აპრილი,

შორეთში, ცხრამთის გადაღმა,

დამიფრთიანდეს ფიქრები,

მარჩიო ყველა ლამაზმანს.


თორემ ისეთი რა მოხდა,

შემხსნია ძოწის ღილკილო,

ბავშვობის ნატვრა წამომცდა,

ღმერთმა სიკეთით მისმინოს.


თეთრმა ოცნებამ დამთოვა,

ყაყაჩოებმა დამხანძრეს,

შენ თუ არ მოხვალ, სხვა მოვა,

მოვა და... ჩემს თავს წაგართმევს!

Saturday, April 23, 2011

***

მძიმედ.
აი ისე, არც ხმაური რომ გსიამოვნებს და არც სიჩუმე.
არავინ ჩაგყვირის და მაინც ყურებზე ხელები გაქვს აფარებული.
არავინ გაწუხებს და მაინც წუხდები.
არაფერი გიჭამია და ზედმეტად მაძღარი ხარ.
 წვიმს.
რაღაცნაირად. მძიმედ.                                                


                               კ.ჯავახიშვილი

Friday, April 22, 2011

***

დე, მოსახდენი მოხდეს ! ახია !
ეს გრძნობა ჩემზე ბევრად დიდია...
აქ სადღაც, ახლოს, შენი სახლია-
ზედ ელდის მძიმე ზარი ჰკიდია.

თუ ფიქრობ... თუმცა, რა საჭიროა,
ესეც ზერელე საუბარია,
მე კვლავ გამეხსნა ძველი ჭრილობა
და ყველაფერი იმის ბრალია.


                 ოთარ ჭილაძე

Wednesday, April 20, 2011

ღამის გარეშე

მე უძილობა დამჩემდა ისევ,

ვეღარ ვპოულობ ძილის მიზეზსაც,

და მენატრება მზის ამოსვლამდე

ცისკრის ვარსკვლავთან გამოღვიძება.

შენ უძილობა დაგადეს ტვირთად,

სხვას სძინავს ახლა შენი ძილითაც.

შენს სიზმრებს, ალბათ, სხვები ხედავენ,

და უყვებიან ერთურს დილიდან.

და დავრჩით ასე, სიზმრის გარეშე,

ღამის გარეშე, მაგრამ ღამეში,

ოცნებების და ნდომის ამარა

ცივ ლაჟვარდების სინარნარეში.

ერთი შეკითხვა მიჩნდება მაინც,

ნეტავი ღამეს თუ აქვს ხიდები?

გადმოვივლი და, თვითონ უძილო,

შენს უძილობას შევეხიდები.


                          კოტე კაკიტაძე

Wednesday, April 13, 2011

დღეს მინდა ცხოვრება უკუღმა ჩავიცვა!

დღეს მინდა ავრიო სიტყვები, რომლითაც

კოშკები ვხატე და ზეცამდე ავაგე,

ავშალო ყველა გზა, შენამდე მოსული _

რაც ასე გულდაგულ, სიტყვებით დავაგე...

დღეს მინდა ავრიო და ვიყო ისეთი,

რომ ყავის მაგივრად ავდგე და  ჩაი ვსვა...

მინდა, გავაუქმო ყველაფრის მიზეზი _

დღეს მინდა ცხოვრება უკუღმა ჩავიცვა!


                                        ცირა ბარბაქაძე

არავინ იცის,

          

იმედი,

რომელმაც დატოვა სულის სათბური,

ახლა ტყე-ღრე დაეხეტება,

არავინ იცის,

ის ამ ღამეს შინ თუ გაათევს...

                              ცირა ბარბაქაძე

Tuesday, April 12, 2011

***

,, შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა                                

და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი

_ გამოდი!

ნახე, ამოვთხარე მიწიდან ნათქვამი,

უთქმელი, ან თუნდაც სათქმელი სიტყვები,                            

ფეხქვეშ დაგიყარე და ახლა გიბრძანებ:

_ დადექი შიშველი!

ერთხელ უნდა შეძლო ამხელა დუმილის იმ მთამდე ატანა,

სადაც გამუდმებით იკარგებიან და ეძებენ სახელებს.

შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:

_ შიგნით ჩაიხედე.

და მთელი ცხოვრება, თავს რომ იტყუებენ, იმათი არ მჯერა.

და ამ ცხოვრებაში არაფერს ნანობენ, არ მჯერა იმათი,

რომ მთელი ცხოვრება სხვისი ბრალი არის დილემა, სასჯელი

მე კვლავ გასაყართან... მოხრილი ხერხემლით ღირსებას მივათრევ.

და გზასაც აწუხებს ჩემივე ფიქრების სიშავე, სიბნელე,

და მერე სხეულზე ვერნანახ ქალაქებს ნახშირით ვიხაზავ

და მთელი ცხოვრება ისე მონაცვლეობს სიფხიზლე, ვიბრმავებ

თვალებს და ქუჩაში გიტოვებ ამ სიტყვებს, ცარიელს, ცალხაზას.

შენ, ვისაც გგონია ცხოვრება კინოა

და ამ სიუჟეტის მთავარი გმირი ხარ

_ გამოდი!

ნახე, არ მჭირდება კითხვაზე პასუხი,

ტიტრებიც სწრაფ-სწრაფად, უჩემოდ გარბიან

არც შენი დუმილი არ არის მთისხელა,

_ გამოდი სანგრიდან!

ასე დამენახე, სრულიად შიშველი, მძიმე და ცოდვილი

სამოსი, ქარიან ამინდს რომ გიფარავს, აჩუქე ნაცნობებს.

შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:

_თუ სცოდავ, შესცოდე!

და მთელი ცხოვრება როლებს რომ ირგებენ, არ მჯერა იმათი.

თუ გინდა მოკალი, სიტყვით ან უსიტყვოდ, მე ასეთს მიგიღებ.

და მთელი ცხოვრება ცხვირში პიტნასავით ნატენი სიმართლე,

ჯაგლაგი ცხენივით გდია შარაზე და ვაბიჯებთ აღვირზე.

და მთელი ცხოვრება, წმინდანებს რომ ჰგვანან, იმათი არ მჯერა.

და სანამ აქ ვდგავარ, ფეხზე და ცოცხალი, მინდა, რომ მხედავდე.

არ ვიტყვი არაფერს, რადგან, ეს ტყუილი იქნება ამ ჯერზე

და მერე ტბასავით მომწვდება მუხლამდე, წელამდე, მხრებამდე.

შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა

და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი_

განარცხებ".