Wednesday, April 13, 2011

დღეს მინდა ცხოვრება უკუღმა ჩავიცვა!

დღეს მინდა ავრიო სიტყვები, რომლითაც

კოშკები ვხატე და ზეცამდე ავაგე,

ავშალო ყველა გზა, შენამდე მოსული _

რაც ასე გულდაგულ, სიტყვებით დავაგე...

დღეს მინდა ავრიო და ვიყო ისეთი,

რომ ყავის მაგივრად ავდგე და  ჩაი ვსვა...

მინდა, გავაუქმო ყველაფრის მიზეზი _

დღეს მინდა ცხოვრება უკუღმა ჩავიცვა!


                                        ცირა ბარბაქაძე

არავინ იცის,

          

იმედი,

რომელმაც დატოვა სულის სათბური,

ახლა ტყე-ღრე დაეხეტება,

არავინ იცის,

ის ამ ღამეს შინ თუ გაათევს...

                              ცირა ბარბაქაძე

Tuesday, April 12, 2011

***

,, შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა                                

და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი

_ გამოდი!

ნახე, ამოვთხარე მიწიდან ნათქვამი,

უთქმელი, ან თუნდაც სათქმელი სიტყვები,                            

ფეხქვეშ დაგიყარე და ახლა გიბრძანებ:

_ დადექი შიშველი!

ერთხელ უნდა შეძლო ამხელა დუმილის იმ მთამდე ატანა,

სადაც გამუდმებით იკარგებიან და ეძებენ სახელებს.

შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:

_ შიგნით ჩაიხედე.

და მთელი ცხოვრება, თავს რომ იტყუებენ, იმათი არ მჯერა.

და ამ ცხოვრებაში არაფერს ნანობენ, არ მჯერა იმათი,

რომ მთელი ცხოვრება სხვისი ბრალი არის დილემა, სასჯელი

მე კვლავ გასაყართან... მოხრილი ხერხემლით ღირსებას მივათრევ.

და გზასაც აწუხებს ჩემივე ფიქრების სიშავე, სიბნელე,

და მერე სხეულზე ვერნანახ ქალაქებს ნახშირით ვიხაზავ

და მთელი ცხოვრება ისე მონაცვლეობს სიფხიზლე, ვიბრმავებ

თვალებს და ქუჩაში გიტოვებ ამ სიტყვებს, ცარიელს, ცალხაზას.

შენ, ვისაც გგონია ცხოვრება კინოა

და ამ სიუჟეტის მთავარი გმირი ხარ

_ გამოდი!

ნახე, არ მჭირდება კითხვაზე პასუხი,

ტიტრებიც სწრაფ-სწრაფად, უჩემოდ გარბიან

არც შენი დუმილი არ არის მთისხელა,

_ გამოდი სანგრიდან!

ასე დამენახე, სრულიად შიშველი, მძიმე და ცოდვილი

სამოსი, ქარიან ამინდს რომ გიფარავს, აჩუქე ნაცნობებს.

შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:

_თუ სცოდავ, შესცოდე!

და მთელი ცხოვრება როლებს რომ ირგებენ, არ მჯერა იმათი.

თუ გინდა მოკალი, სიტყვით ან უსიტყვოდ, მე ასეთს მიგიღებ.

და მთელი ცხოვრება ცხვირში პიტნასავით ნატენი სიმართლე,

ჯაგლაგი ცხენივით გდია შარაზე და ვაბიჯებთ აღვირზე.

და მთელი ცხოვრება, წმინდანებს რომ ჰგვანან, იმათი არ მჯერა.

და სანამ აქ ვდგავარ, ფეხზე და ცოცხალი, მინდა, რომ მხედავდე.

არ ვიტყვი არაფერს, რადგან, ეს ტყუილი იქნება ამ ჯერზე

და მერე ტბასავით მომწვდება მუხლამდე, წელამდე, მხრებამდე.

შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა

და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი_

განარცხებ".

Sunday, April 10, 2011

სიყვარულის დიაპაზონი

გასული ვარ!

დავტოვე სიყვარულის

დიაპაზონი,

სენსორები გავთიშე,

უნდა დავისვენო...

ცოტა ხნით,

სულ ცოტა!...

ამოსუნთქვა მინდა,

მიზიდულობა მსურს

დავკარგო

და ღია სივრცეში

თავისუფლად ვილივლივო!...

გასული ვარ!...

თურმე ტყუილად!

გულში მქონია

სიყვარულის ჩიპი ჩადგმული

რომელიც არ ითიშება,

მიზიდულობას ინარჩუნებს!

ხოდა ვეხლები

სიყვარულის დიაპაზონის

კედელს გარედან!

უნდა დავბრუნდე,

თორემ სულმთლად

დავილეწები!

შ ე მ ო ვ დ ი ვ ა რ!

ისევ აქ ვარ,

სიყვარულის დიაპაზონში!

ნუ დამაცდი

ნუ დამაცდი დაცემამდე,

შემაშველე ხელი_

თუ დავმარცხდი, დამესია

თუ ფიქრებად მტერი,

თუ ეჭვებად ანეშალა
                                                        
უნდობლობის ჯარი,

მოეშველა თუ ამ ლაშქარს

სევდა მოისარი,

თუ სიშლეგემ დმიარა

ჟრუანტელად ტანში

და ჭორებმა ყურისძირში

თუ დაუკრეს ტაში,

ან ღიმილი თუ გამიქრა

და დამტოვა მარტო

და ეული, გალეული

სინაცრისფრეს ვნატრობ,

თან თუ ხარობს, დამხარხარებს

უმეცრება ტვინში,

თან თუ ხაროს ტყვე გავხდი და

დავილექე ძირში

და თან ნახე სიცოცხლე რომ

აღარ ქარაშოტობს,

დამანახე რომ ადრეა

სანამ თმაში მოთოვს.

თუ დამცალდა გამოვცალო

სიჭაბუკის დღენი-

ნუ დამაცდი დაცემამდე-

შემაშველე ხელი!





ლევან ქერდიყოშვილი

***

შეხედე —
ზეცის ციხე-კოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა…
ვერ დაგივიწყე,
ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის…
მწვანე თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს.
და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ…
სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე
გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე,
კი არა ვტირი…
სულ ერთი წამით
დარდი გულიდან გამოვახედე.

სადა ხარ

სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი _
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან _
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..

თამაზ ჭილაძე

"აღმომაჩინე " .

"

ჩემში იწვის და ბორგავს ყოველი
გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს
ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი
გემუდარებით აღმომაჩინეთ

აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ                                      
იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა
იქნებ ვშრიალებ თქვეს წინ ჩინარად
იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი შვებისა

იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი
ხელი შემახეთ არ შეგაშინებთ
ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი
გემუდარებით აღმომაჩინეთ

ჩემში ზღვა ბორგავს ღელავს ზვირთები
ნაზი ქარშავა ტალღებს აცინებს
მალე ჯებირებს გადმოვდინდები
გემუდარებით აღმომაჩინეთ

რუსუდან გიგინაშვილი

***

ღმერთო, მიხსენი მეგობრებისაგან, მტრებს თავადაც გავუსწორდები...


რუსუდან გიგინაშვილი

ჩემი ოცნების

"ჩემი ოცნების ტყეში დავეხეტები ცალად,
ვცხოვრობ ბალახის ღერში და მაქვს ბალახის ძალა,
თვითონ ბალახი მკოცნის, თვითონ ბალახი მათრობს,
ერთად ვიძინებთ ლოცვით, მცივა? ბალახი მათბობს.
ვისთან დავიწყებ ქადილს, ვის გავუმართავ დავას?
ბალახზე ჩუმი ქალი, ბალახთან ერთად წავალ".

რუსუდან გიგინაშვილი