Wednesday, September 28, 2011

დავიღალე

მითხარი, როგორ დავასვენო სული

რომელმაც ფერი დაკარგა,

გაყვითლდა შემოდგომის ფოთოლივით

და გახმობა დაიწყო.

დავიღალე.

მინდა სხეულზე შენი თითებით ნაკადული გავაკეთო

რომ ირაკრაკოს და

სიყვარულის სიმღერა მიმღეროს.

დავიღალე,

მინდა მომეფერო

და შენს მკერდზე დავისვენო,

თვალები დავხუჭო,

შენს სუნთქვაში ჩავიძირო.

გესმის?

მითხარი,

როგორ დავასვენო სული

რომელმაც ფერი დაკარგა,

გაყვითლდა შემოდგომის ფოთოლივით

და გახმობა დაიწყო.

თამაზ ბაძაღუა

ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!

 ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
 ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერებით
 ილუზიაში და მოლოდინში,
 რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
 და ტირილით შევბრუნდე სულში.

 ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
 რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები-
 ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
 რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
 და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
 და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
 გამახსენოს ჩემი სიმხდალე-
 უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...

 საუკუნეა არ უთოვია!
 საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
 საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
 აღარავინ აღარ ლოცულობს!