Thursday, January 17, 2013

ვფიქრობ ხმამაღლა....
....
ვფიქრობ ხმამაღლა
ზღვაზე, რომელიც მზეს ისრუტავდა.
მთვარეზე, რომელიც ბილიკს კვალავდა ზღვაში.
ვარსკვლავებზე, რომლებიც შენი თვალებიდან წამოსულ შუქს ირეკლავდა.
ღიმილზე, რომელიც უხმოდ ასდევდა სიტყვებს,
ჩურჩულზე, რომელიც ჩუმი პოეზიით იყო სავსე,
ფიქრზე, რომელიც ლექსებად იწერებოდა და ზღვის ნაპირას იღვრებოდა,
მეგობრობაზე, რომელიც სალი კლდესავით იყო შეუვალი.
სიყვარულზე რომელიც ათბობდა და ახალისებდა გულებს....
ვფიქრობ.....
ულამაზესი პოეზიის საღამოებზე მთვარის ბილიკით განათებულ ზღვასთან
ხმა ტალღას ერწყმოდა,
ტალღა დაღლილი კაცივით ეხეთქებოდა ნაპირს.
ეს იყო ყველაფრის ნაპირი
და დასაწყისი
მზერა მოწყვეტილ ვარსკვლავს მიჰყვებოდა და ოცნებად იკვრებოდა....
ძველი იკითხებოდა,
ახალი იბადებოდა უმანკო ბავშვის ღიმილით.
მე მთვარის ბილიკს მივყვებოდი ზღვაში
ვარსკვლავების ქვეყნისაკენ.


......
არ მინდა, ძალიან შეგეჩვიო.
არ მინდა, ორად გაგხლიჩო.
არ მინდა, შენს თვალებში სევდა დავინახო....
მე ხომ შენ უზომოდ და სულის ტკივილამდე მენატრები.
ის ღამე ჩვენი იყო, ასე მეგონა...უვარსკვლავებო და წყნარი ღამე,
ტალღების ხმაური ახშობდა ჩვენი გულების ფეთქვას,
ჩვენს შორის იყო უსიტყვო სიტყვა,
არაფერი თქმულა, და ყველაფერი ითქვა.
გაგიკვირდა?
ჰო!
მე იმ მრუმე ღამეში ვხედავდი შენს თვალებს - სითბოთი და სიყვარულით სავსეს.
შენი ცხელი ხელისგულებიდან გადმოდიოდა სითბო ჩემში და გულამდე აღწევდა.
მინდოდა მეთქვა და ვდუმდი...
ვდუმდი და ვფიქრობდი, რომ ჩემს დუმილს გაიგებდი.
ჰო!
არ მინდა ძალიან შეგეჩვიო
იმიტომ, რომ მეშინია შენი დაკარგვის...
მე შენ მჭირდები!

....
შენ ახლა აქ ხარ, ჩემთან და იმდენად ახლოს, რომ მეშინია ამ სიახლოვის...
ზღვა არის ჩემთან და მისი ტალღები ეფერება ჩემს სხეულს ქცეულს ქანდაკებად შენი სულის კარიბჭესთან მოტანილს.
ჩემში ყველაფერია და არაფერი,
ცარიელი ვარ და სავსე შენით,
ხმაურიანი ვარ და მდუმარე შენთვის,
მაკრთობს და მამშვიდებს შენი სიახლოვე,
მინდა შენთან და გაგირბივარ,
გზა იწყება და მთავრდება შენით,
ეს გზა უსაშველოდ გრძელია და მოკლე,
მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებს შენთან.
გულს მძიმე სარქველი აფარია მონატრების ნიშნად,
ამ დუმილს მხოლოდ შენ თუ გაიგებ,
მოდი ჩემთან
და გულში ჩაიკარი ეს უსაშველო მონატრება სევდის ზღვად ქცეული და ჩემი თვალების მიღმა დამალული მხოლოდ შენთვის ამოსაცნობად.
ჩემი სული ისეთი შიშველია, მე თვითონ მეშინია მისი სიშიშვლის..
მენატრები!

....
სიზმარს მომიყვება ზღვა...
მეტყვის, როგორ შეისრუტა მზე შენი გაშლილი ხელისგულიდან.
ჰო!
სიზმარს მომიყვება ზღვა, ჩუმად იდუდუნებს და მერე ნაპირს დაეხეთქება გრძნობა დაცლილი კაცივით, უთქმელ სიტყვას რომ ვერ მიუხვდნენ...
მე კი ამ სიზმარს მთვარეს გავანდობ და შენთან გამოვატან
სიზმარს - ჩემს მონატრებაზე.

.....
ცხოვრება მოკლე ფრაზებად დამდევს და ტკივილს მიგზავნის ყველა დილა
დილა მშვიდობისაო!
დილას კარს ვუღებ და ვცდილობ ტკივილი არ შემოვუშვა...
ყავის მომწარო და მოტკბო გემო ტუჩებზე მიტოვებს სათქმელს..
ტუჩებზე, რომლებიც მამაო ჩვენოსავით ჩურჩულით იმეორებს შენს სახელს და ტკივილსა და ტკივილს შუა ვიწრო გასასვლელიდან შემოპარულ მზის სხივს ატანს სათქმელს შეგუბებულს სულში ოცნებად
მომენატრეო!  


                                                                                        ნელიკო გოგუაძე
გიამბო?
ჩემთან შემოდგომა როდის გაწვიმდა,
როდის გაიძრო ცამ ცისფერი,
თხელი პერანგი,
ქარი კი ღამით ფერმიხდილი,
უფრო დამძიმდა,
სუნთქვას აართვა შენზე ფიქრი,
სანამ გეძახდი.
თვალებს წამები შემოეჭდო
გაყინულ სალტედ,
უთოვლო იყო დეკემბერიც,
ყრუ ტკივილებით,
მინაზე სუნთქვად გიტოვებდი
ლოდინის რკალებს,
არითმიულად არეული,
სველი თითებით.
გიამბო?
ჩემი მოლოდინი როდის დაბერდა?
როცა დამტოვე, მე კი ასე
უხმოდ გელოდი,
როცა სიბაცე შეეპარა, ნაფერებ
სიტყვებს,
მოსვლას დამპირდი და უღმერთოდ
 დაიგვიანე...