Thursday, April 28, 2011

დღესაც გრძელდება დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცვლის ხასიათს
ქარი, სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....

მე, შეიძლება, დღეს დამეწერა
 ის, რაც მაწვალებს გაჩენის დღიდან,
მაგრამ ჩემს თვალწინს მოწყდა კენწერო,
რომელსაც გუშინ ქარი ვერ ხრიდა.

და ისევ ქუჩებს ვუბრუნებს თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს
და ვიცდი, რადაგნ ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

დღესაც ასეა დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცლს ხასიათს
ქარი... სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....
გამოჩნდა მიწა, ჩუმი და სველი,
ფოთოლზე ფოთლის დაცურდა ლანდი
და გამახსენდა, რომ მთელი წელი
აღარც ისმოდი და აღარც ჩანდი.
ხოლო ის წელი, ის ერთი წელი,
რომელიც უკვე უკუნეთს ერთვის,
ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა
და ღმერთმა იცის, რა იყო შენთვის..

ოთარ ჭილაძე
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით

                        ოთარ ჭილაძე

Wednesday, April 27, 2011

ვნატრობ,

გადავიქცე წვიმად...

ღრუბლებს,

ავედევნო გზაში...

მინდა მოგეპარო, ფრთხილად...

და.,

სულ დაგასველო, წამში...








მინდა,

დამათენო დილა...

და მზე,

უსაშველოდ მწვავდეს...

ღრუბელს,

გამოვექცე წვიმად...

და შენს ბაგეებთან დავდნე...



მე მზე,

გამიღვიძებს დილას...

ტუჩებს დაგიკოცნი, ნამით...

მოვალ,

მონატრებულ წვიმად...

და თმებს დაგისველებ, წამით...



გნატრობ,

მენატრები, ახლა...

დილას შევაგებე წვიმა...

ვიცი...

შენ, უდროოდ წახვალ...

მე კი... შემატოვებ დილას...



მღერის,

მონატრება სულში...

ჩემს გულს, უშენობით, ცივა...

მე მზე....

მივატოვე გუშინ...

ტანზე შემოვისხი წვიმა...



ვიცი,

დაგაბრუნებს ბოლოს...

გული,

არ დაიშლის წადილს...

ერთხელ მაკოცნინე მხოლოდ...

მერე მიმატოვე, წადი...
                        
                           ზვიად კეჭაყმაძე

***

გამიმეორე, ერთხელ კიდევ, გამიმეორე,

რომ შენთან ყოფნის, თუნდ დროებით, მომეც უფლება...

და რომ ჩემს გარდა აღარავის დაიმეგობრებ,

და ტკივილები სულ ადვილად გამიყუჩდება...

არ ამიწონავს არასოდეს ჩემი სიმდიდრე,

ან ეს გრძნობანი როგორ გინდა კაცმა ასწონო?

რად მეშინია, წუთებივით არ გამიფრინდე,

რად მეშინია, ვინმე სხვა არ დაგეპატრონოს...

წუხელ მოთოვა, ირგვლივ ყველგან დაუთოვია,

მე მთელი ღამე ძილ–ღვიძილში შენზე ვფიქრობდი...

არა, მე შენთვის მოწყალება არ მითხოვია,

ისეც ვიცოდი, რომ არაფერს არ დამითმობდი...

თოვლზე ნაკვალევს შენი სახლის კართან მოვყავარ,

ვითვლი ნაბიჯებს, მეშინია მთლად არ გავგიჟდე...

რა ვქნა ასეა, ვაღიარებ, რომ შეცდომა ვარ,

და სანამ კარი ჩამოვიღე, თვითონ გამიღე!


              თამაზ მეტრეველი

***

ერთდროულად ვმშვიდდები და

თან ღელვა მიპყრობს,
                                                                      
აი ისე, როგორც ზღვას                                      

დიდი წვიმების შემდეგ.

ტანზე მოვიხვიე აბრეშუმივით

ნაზი მონატრება

და პეშვშში ჩავიგროვე ცრემლი

დასამიწებლად.
                          ნელ სკარლეტი

                        

შენ დაგაბრალებ...

.
 შენ დაგაბრალებ ეჭვების სევდას,
დარდიან მზერას და გრძნეულ ღიმილს,
 შენ დაგაბრალებ ჩემს ყველა ცოდვას,
ყველა სადარდელს და ყველა ტკივილს!
შენ დაგაბრალებ ვარდების ოხვრას                
და ვარსკვლავების ღვთაებრივ როკვას,
ქარებს, რომლებსაც გაგიფენ ნოხად
ღრუბლებს - წვიმების წვირიან კოკას...

 შენ დაგაბრალებ ყველა სიყვარულს
და ყველა ღალატს, თუ თავგანწირვას,
 მერე ამ სულის ქათქათა ფურცლებს
შენი ცრემლების წვიმა დაწვიმავს...
შენ დაგაბრალებ ყველა სიკეთეს,
მზეების ციალს და ცის ტრამალებს,
მერე მოვკვდები ძალიან მშვიდად
და ამ სიკვდილსაც შენ დაგაბრალებ!..


                     მურად მთვარელიძე

Monday, April 25, 2011

***

დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი სამყაროს?!
მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.                
მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,        
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს,      
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.
გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:
ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!


მე ასეთი ვარ....

მე ასეთი ვარ....

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც  მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.              

დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს,                    
წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია.
და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, -
უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
იღბალს ჩამოვწყდი  თვალნაკრავი გიშრის მძივიდან,
თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი...
თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.

      
ყაყაჩოებმა დამხანძრეს,
                                                                        
გულს ვერ ვიჩერებ საგულეს,

ატმისფერ კაბას ვნატრულობ

და ცვარს ალმასის საყურედ...


ვნატრობ, შენც გწვავდეს აპრილი,

შორეთში, ცხრამთის გადაღმა,

დამიფრთიანდეს ფიქრები,

მარჩიო ყველა ლამაზმანს.


თორემ ისეთი რა მოხდა,

შემხსნია ძოწის ღილკილო,

ბავშვობის ნატვრა წამომცდა,

ღმერთმა სიკეთით მისმინოს.


თეთრმა ოცნებამ დამთოვა,

ყაყაჩოებმა დამხანძრეს,

შენ თუ არ მოხვალ, სხვა მოვა,

მოვა და... ჩემს თავს წაგართმევს!