Friday, May 20, 2011

სი-ჩუმე,
სი-ცარიელე,
სი...
არეული ცხოვრების დალაგებას ვიწყებ იქნებ სადმე მოგაგნო, იქნებ სადმე აქვე ხარ და ვერ გამჩნევ.
მე ყველაფერი გაგატანე, გაგატანე ყველაფერი რაც გამაჩნდა-დავცარიელდი.
გეძებ ყველგან. ფხიზლად მძინავს, რომ ზარის ხმა არ გამომეპაროს.
ფეხის ხმაზე შევკრთები ხოლმე, გული ამიჩქარდება და მერე ისევ
სი_ჩუმე.
გაღვიძებისას თვალებს ვაცეცებ, ვფიქრობ იქნებ უკვე მოვიდა და გამომეპარა-მეთქი.
ხელის გულზე მაქვს დატეული ჩემი გრძნობები, ვერ ვიმეტებ გადასაყრელად და ისევ გულში ვაბრუნებ, მერე კი ვხვდები რომ ცარიელი ვარ.
მთელი სამყარო ჩამეტეოდა გულში, დიახ აი ამ გულში, ბევრჯერ უნდა გავიმეორო ეს სიტყვა-გული, გული, გული...
იქნებ მისი არსებობა გამახსენონ სიტყვებმა მაინც, რადგან ვეღარ ვგრძნობ.
სულ, სულ წაიღე ყველაფერი, მე გთხოვე დაგეტოვებინა ფიქრები მაინც, მაგრამ არა ასე უარაფროდ, არაფრის გარეშე დავრჩი.
პულსს ვითვლი, ეეერთი....
მეორე აღარ გამოჩნდება დიდი ხანი და სი-ცარიელე.
საათებია, დღეებია, ვითვლი გულის ფეთქვას, რომელიც თითქოს სადაცაა უნდა შემიწყდეს, მაგრამ არა ურცხვად ფეთქავს, ძალიან ნელა, ნელა, კიდევ უფრო ნელა.
გაღვიძებისას(ვიღვიძებ კი?) ნელა ვახელ თვალებს, ნელა, ნელა, ძალიან ნელა.
მინდა ეს მოლოდინი მაინც გაგრძელდეს დიდხანს, ილუზიებმა მაინც გასტანონ სულ ცოტა ხანი.
მე გთხოვე დაგეტოვებინა მოგონებები მაინც, მაგრამ წაიღე ყველაფერი, წაიღე ის რისი წაღებაც ვერავინ შეძლო. თან გაიყოლე ყველა შეგრძნება, სუნთქვა, ჩემი პულსიც კი თან გაიყოლე.
მეგონა წერა გრძნობების გადმოცემა იყო, ახლა კი არაფერს ვავსებ ამ სიტყვებით. მე ჩემი ძველი ტკივილები მენატრება, ის სულელური ტანჯვა მენატრება ჩემი გამოგონილი რომ ყოფილა თურმე.
ერთი, ორი, სამი, ოთხი....
ფეთქავს ეს გული, მხოლოდ მაშინ როცა მესმის კიბეებზე ვიღაცის ჩამოსვლის ხმა და მერე ისევ ამ საშინელ რეალობას ვუბრუნდები, სადაც არც გაზაფხულია, არცერთი სეზონია, არ არის მზე, არ არის ყვავილები, არც თოვს, არც წვიმს, უბრალოდ შავ-თეთრია ჩემი ქუჩა.
სი-ჩუმე,
სი-ცარიელე,
სი-მარტოვე,
სი-...
კარზე კაკუნია, იქიდან მესმის კითხვა-შეიძლება?
და მეც ასე უაზრო ფიქრებს მიცემული, "სი"-ს ვეუბნები მარტოობას და იმ კარს ვუღებ ფართოდ ერთ დროს შენ რომ გიღებდი.

***

მაისს,
შეპარვია მარტი....
თითქოს, გაზაფხულდა, წამით...
წუხელ, 
შეყვარებულს ვგავდი...
ისე მომენატრე, ლამის...
გული გამიჩერდა,
გუშინ...
როგორ დამესიზმრე, ვერ ვხსნი...
მე, 
მზეს შეგინახავ გულში...
მაისს მოგილოცავ ლექსით...
ახლა, გაღვიძების დროა...
მე კი,გაღვიძება არ მსურს...
შენ ხარ, 
ჩემი სულის ტროა...
სულ რომ, ეფერება წარსულს...
ზღვაზე, 
თოლიების გუნდი...
მზეს, რომ ეფიცხება დილა...
მინდა, 
დამესიზმრო წუთით...
რომ მზე, მომანატროს წვიმამ...
მაისს, 
მოგონებით ვივსებ...
ახლა, სიყვარულის დროა...
უცებ მიმოვფანტავ ნისლებს,
ცაზე, მოქუფრული როა...
მაისს,
მოვინატრებ ახლა...
და მზეს, 
გავუგზავნი ღიმილს...
სიზმრად გიპოვი და გნახავ...
და კვლავ, 
უთავბოლოდ ვივლი


                                 ზვიად კეჭაყმაძე
გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა, ყველა ტაბუ ერთად დავარღვიო.
ამბობ,- "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!....


                               თამაზ ბაძაღუა

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,


წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.


თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.


შენ-განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ-უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.




                                        თამაზ ბაძაღუა