Friday, March 18, 2011

არ მიყვარს:


ცუდი ხასიათის ადამიანები -
ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელ ღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.

გიორგი ზანგური
წერტილი !..

ტირე !..

ტირე !..

წერტილი !..

წვიმა სახურავს წვეთებით ტვიფრავს ;

ქარაგმას ვხვდები

ჯადო წყვეტილის

და წუთში მორზეს

ანბანსაც ვშიფრავ :

" და-ბურ-თულ კვირტებს მზე -ი მო-ად-გა , მხა-რი იც-ვა-ლეს ძველ-მა ქა-რებ-მაც , დღეს სიყ-ვა-რუ -ლის ზე-ი-მი-ა და სა-გა-ზაფ-ხუ-ლო ფერ-თა ხა-რე-ბა ;

გა-მო-დი , გეს-მის ? გა-ლობს ქვე-ყა-ნა , მზემ ურ-ვის ჭირ-ხლი უფსკ-რულს ჩა-რი-ყა , ჰა , გა-ზაფ-ხუ-ლი შე-მო-გიყ-ვა-ნე ე-ამ-ბო-რე და გულ-ში ჩა-ი-კარ ! "

რას ვიფიქრებდი ,

ციცქნა წვეთებო ,

სიხარულით თუ შემოგვტირებდით ,

ნაზამთრალ ფიქრებს

დააფეთებდნენ

ეს ტირეები და წერტილები ?

... ოჰ , რას კეკლუცობს

დღეს სილამაზე ,

რა ღუღუნია სიზმრეულ ფერთა :

ამურთან ცეკვავს

წვიმა ყავარზე ,

და გულიც მორზეს რითმებით ფეთქავს ...

წერტილი !..

ტირე !..

ტირე !..

წერტილი ! ...


უცნობი ავტორი
სულ ასეა:

დროს მაშინ ვპოულობ, როცა ვკარგავ,

ან _ როცა ვფლანგავ...!

არ ვიცი, როგორ უნდა გავუფრთხილდე მას,

რაც წყალივით იპარება მუჭიდან...



აი, ახლა გადავწყვიტე, დროის დაზოგვა...

ავდექი და სიტყვებში ვასახლებ...

თან ვეკითხები ყველა სიტყვას _

ეს ხომ ნამდვილად შენი დროა...?

ხომ სწორად მოხვდი დროში?

თუ სიტყვები მემორჩილებიან,

მაშასადამე, არც შევმცდარვარ...

საით მივყავარ სიტყვების დროს?



ამაზე მხოლოდ ახლა დავფიქრდი...

და, შესაბამისად, შემდეგ სიტყვას ვეკითხები:

გინდა ამ დროში დარჩე?

სიტყვებს ყოველთვის აქვთ პასუხი...

მთავარია, დრო განსაზღვრო სწორად _

სწორ დროში მოხვდე...



არ ვიცი ახლა _

ვფლანგავ, ვხარჯავ თუ ვპოულობ დროს...

თუ, საერთოდაც,

ამ სიტყვებით სულ სხვა დროში ვმოგზაურობ...



ამასწინათ მეგობარმა მითხრა:

ხომ გახსოვს, გაჩუქე დროის პორტარტული

მანქანა...?

ჰოდა, იმ მანქანით “სხვა დროში” მოვხვდი და

ვეღარ შევხვდი მეგობარს,

რომელიც იმ დროს სხვა დროში იყო...

ნეტავ რად მინდოდა?

ისედაც იმდენი დრო მაქვს,

არ ვიცი, როგო დავკარგო...

არა და, უნდა დავკარგო და მერე

გულიანად ვიწუწუნო:

რა ვქნა, დრო არ მყოფნის, დრო არ მრჩება, დრო არ მაქვს...



დროის მეტი რა მაქვს:

და არა მხოლოდ აწმყო...

(აწმყო საერთოდ, დრო არც არის...)

წარსულები და მომავლები

და არა მხოლოდ ჩემი დროები.



რა ვრცელია ის, რაც სინამდვილეში ასე მოკლედ გვეჩვენება..

ვრცელია... რადგან ყველა დროს თავისი სივრცე აქვს

და ახლა, როცა გელაპარაკები და შენ წინ ვდგავარ

ამ სიტყვებით...



შენ როგორ ფიქრობ: ემთხვევა ჩვენი დრო ერთმანეთს?

რამდენი დრო დავკარგე,

სანამ შენამდე მოვიდოდი

და რომ მოვედი, რა მერე...?

რამდენი მოვედი... შენ სხვა დროში დამხვდი...

მაშასადამე, სხვა სივრცეშიც...

სულ დაკარგული როგორ უნდა ვიყო:

ტექსტში დაკარგული, დროში დაკარგული,

სივრცეში დაკარგული...



პირობას გაძლევ(თ):

შენ და საკუთარ თავს (მათ შორის სხვაობას ვერ ვხედავ)_

როგორც კი დროს ვიპოვი,

მაშინვე დავკარგავ...



დრო _ ჩრდილია... აი, შეხედე, ამ ხეს და მზის დახრილობას...

ჩრდილი ადგილს იცვლის ხის გარშემო დროის მიხედვით

და ხე კი დგას და დგას...



მოდი, დავბრუნდეთ ჩვენს დროებში,

აღარ მინდა, ჩრდილების დევნა...

თუ ნამდვილი ხარ, დამენახვე...

და არა მხოლოდ სიზმრებში...

რაო? “ყველაფერს თავისი დრო აქვსო?” _

ჰო, რას არ მოიგონებს ადამიანი, ცხოვრებას რომ გაექცეს!


ცირა ბარბაქაძე
დღეს გულგრილობის აბჯარს ვიკერავ

ხლართად ქცეული დღეთა გორგალით,

გამოვიმწყვდიე ცხრა კარში თავი,

და გაღმით დამრჩა ბედის ბორანი.



მოგისაკლისე და მონატრებულს

თუ უშენობის ტკივილი მტკივა

რა დაგაბროლო?.. დროსთან, ჯალათთან,

ჩემი სურვილით, თავადვე მივალ...



მომნატრებიხარ და ტკივილებიც

გამიიუტდნენ ურჩი ბავშვივით

და დედინაცვალს, კაპას დედაკაცს

ახლა მათ ცემას ვინღა დამიშლის...



მომნატრებიხარ ძლიერ დაღალულს,

ვგრძნობ უშენობით როგორ ვილევი,

უფერულ დღეებს იმ თმებში ვიწნავ

კოშკით გადმოშლას რომ ვუპირებდი.



არ ღირსებიათ ამ ფრთებს გაფრენა,

წყეული მიწა ვერსაგზის დავთმე

და როგორ დაგდო ღალატში ბრალი,

ორგულობაში დრო თუ მე მამხელს.



შემომიძულეს უკვე გრძნობებმაც,

ობლის ტირილით გამოგედევნენ

და მათი კვერიც იმით გამოცხვა

შენ რომ ხელები გამოაგებე...



მომნატრებიხარ და კარგად ვიცი,

რომ მოვეჭიდო არ დამრჩა ხავსიც,

აცდენილი ვართ ერთურთს ხმელეთზე

და როგორ გითხრა რას ვიზამთ ცაში?..



ჭაში ჩაგდებულ კენჭის ძებნას ჰგავს,

ერთურთთან შეყრის ნატვრაც,სურვილიც,

მე კი არ მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას

ერქვას უშენოდ ყოფნის ტკივილი...


ელგა ფოლადაშვილი
მოდი,მომეგაზაფხულე,
გული ამიყვავილე!
კვირტებს ვნება გადაასკდა,
პატარძლობას აპირებს!
არიები მომიძღვენი,
მარტის ქარით ნამღერი,
გრძნობის გზები გამიხსენი,
ცისარტყელით ნაფენი!
მერე მკერდზე დამაყარე
მაგ თვალების ღიღილო,
მინდა შენი სიყვარულის
თაიგულიც ვიხილო!
მინდა,მინდა,მინდა,მინდა
შენი ვნების სტიქია,
ცა თავსხმას ვერ შეიკავებს,
გაზაფხულზე–მითქვია!
მოდი,მომეგაზაფხულე,
გული ამიყვავილე!
კვირტებს ვნება გადაასკდა,
პატარძლობას აპირებს!


ლიკა ყიფშიძე
ავტორი:: Lika Kipshidze

Thursday, March 17, 2011

ისე წახვედი რომ, სულმთლად დაგავიწყდი...

ისევ აერია დღეებს მისამართი...

ბოდიშს მოგიხდიდი,

თუნდაც არაფრისთვის...

ბოდიშს მოგიხდიდი,

თუნდაც ყველაფრისთვის...

ისე მიატოვა ქარმა, ცა და მიწა...

ახლა მოგონება დაქრის შორეული...

შენი სიყვარული,

ან, რამ დამავიწყა...

ან, რად მენატრები, სევდამორეული...



დიდხანს ვიყოყმანე, დრო რომ გამეყვანა...

ახლა, გელოდები...

სულის ნაპირებთან...

ზაფხულს, შემოდგომა სხვაგან წაეყვანა...

მე კი, შენს სიყვარულს ახლა ვაპირებდი...



შენმა განშორებამ ისე შემაშინა...

აწმყო ათასფერი,

შავად შემიღება...

ახლა დაგეძებ და მუდამ ძებნაში ვარ...

ალბათ, მიყურებ და ჩუმად გეღიმება...



ისევ იწურება ახლა, ოქტომბერი...

მე ვარ, შემოდგომა...

მტკივა ფოთოლცვენა...

წუხელ დაგინახე, სიომ დამიბერა...

მაგრამ ახლა ვხვდები, ისევ მომეჩვენა...



ისე დავიღალე, ჩემი არსებობით...

ისე დავიღალე, უგზო სიარულით...

შენთან მოვიდოდი,

თავგზას აგიბნევდი...

ბოდიშს მოგიხდიდი,

ჩემი სიყვარულით...


ზვიად კეჭაყმაძე
იცი, ახლა რა მინდა?

თოვლი მინდა მათოვდეს…

რომ, ხელახლა გაგიცნო ,და…

შენი კოცნა მათბობდეს…

თოვდეს მინდა ფერები…

ახლა, იცი რა მინდა?

უცებ, დაგივიწყო და

კვლავ, გაგიცნო თავიდან…

მინდა, წლებს შემატოვო

კიდევ, იცი, რა მინდა?

დღე, წარსულში დავტოვო…

და ვიცხოვრო, ხვალიდან…

მინდა, გულს მინათებდეს

მზე და… მერე გაწვიმდეს…

ისე შეგიყვარო რომ…

ვერ ვხვდებოდე, რა მჭირდეს…

ახლა, იცი, რა მინდა?

სულ პატარა ცა მინდა…

თოვლშიც, ქარშიც, წვიმაშიც…

მომეფეროს ამინდმა…

ვიცი, ახლა ვოცნებობ…

მზე კი, სადღაც ჩავიდა…

მინდა, სულ მადარდებდე…

და სხვაგვარად, არ მინდა...

იცი, ახლა რა მინდა?

მე, პატარა ცა მინდა…

მთელი ღამე მკოცნიდე და…

დღეს, მჩუქნიდე თავიდან…


ზვიად კეჭაყმაძე
დღეს,

ყველა გზები შენთან მოდიან...

გზაში, დაღლილი ფიქრები დამრჩა...

ხედავ?

ძვირფასო, ხეებს შორიდან...

ისევ ჩაუცვამთ, ხავერდის ფარჩა...

დღეს,

მერამდენე გაზაფხულია...

რაც გული, ისევ უშენოდ ფეთქავს...

ხედავ?

მდუმარე... დგას მაგნოლია...

და თითქოს, დღემდე არავის ეთქვას...

რომ,

არის წამი, დროგადასული...

და მონატრება, ასე ძლიერი...

ხედავ?

ქუჩაში მიდის წარსული...

და უკან რჩება, კვალი მშიერი...

დღეს,

მოგონებით აივსო ზეცა...

ნაცნობი ქუჩა, შენი ფერებით...

გახსოვს?

მე, მაშინ, ეგ გული მეცვა...

ეგ გული,

დამაქვს ახლაც ხელებით...

დღეს ახლა,

ისევ იმ დღეებს ვნატრობ...

როს გადაკვრია აწმყოს ბინდივით...

ხედავ?

ქუჩაში დამტოვე, მარტო...

მე კი,

გარდასულ დღეებს მივტირი...


ზვიად კეჭაყმაძე
ერთმანეთზე აესხა დარდი ფიქრებს, მაფიქრებს...
დრო წაიღებს წასაღებს, ბოლოს მაინც მიშველის...
ისევ გელოდები და ისევ ვითვლი ნაბიჯებს...
ახლა გაზაფხულია და, ცა მაინც შიშველი...
ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და

ჰაერივით და მზესავით მჭირდები,

წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და

ასფურცელას ასი ფერით ვირთვები...



ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა

მიპოვნია წუხანდელი სიზმარით,

ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და

ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი...



ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა

ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან,

კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიერობს და

არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან...



ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და

ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ,

ჰაერივით და მზესავით მჭირდები და

წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ...


ელგა ფოლადაშვილი
ჩემი ცხოვრება

საფეხურებჩატეხილი კიბეა,

ძნელად სავალი

და მოაჯირიც არა აქვს,

რომ ხელი შემაშველოს.

მხრებზე დაწოლილი ტვირთით

ნაბიჯ-ნაბიჯ ვკეცავ -

არ მინდა, უკან მოვიხედო,

წარსულს ვუტოვებ წლებს და

მხრებს ვეძებ

ჩემი დაღლილი სხეულის დასაყრდნობად.

მინდა, მომეფერო

და ჩემი ცხოვრების კიბე

გაამთელო,

რომელსაც მოაჯირიც კი არა აქვს,

რომ ხელი შემაშველოს.

ნელი გოგუაძე
გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხედვარე,
ჩუმად გვაკვირდება ნუშიც...
ხელი არ გამიშვა,
შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი...
გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში...
სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დაგკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის...

გიორგი კილაძე
დღეს მინდა ავრიო სიტყვები, რომლითაც

კოშკები ვხატე და ზეცამდე ავაგე,

ავშალო ყველა გზა, შენამდე მოსული _

რაც ასე გულდაგულ, სიტყვებით დავაგე...

დღეს მინდა ავრიო და ვიყო ისეთი,

რომ ყავის მაგივრად ავდგე და ჩაი ვსვა...

მინდა, გავაუქმო ყველაფრის მიზეზი _

დღეს მინდა ცხოვრება უკუღმა ჩავიცვა!

ცირა ბარბაქაძე
უსიყვარულო სიცოცხლე ცასა ჰგავს
უვარსკვლავოსა,
წყალსა ჰგავს უკალმახოსა და უთავთავო
კალოსა.
თუ გიყვარს,ციდან უფალი გეტყვის სიტყვასა
ამოსა,
დღეებს გიმრავლებს საოცარს-სავარდე-საიაოსა,
თავისი პეშვით შეგასმევს უკვდავებისა
წყაროსა!

ვაჟა ხორნაული
გულმა გაზაფხული დაიჟინა,

სული შემოდგომას შეეხიზნა,

დრო - ცად აფრენილი დილიჟანსი

მომძახის, იყავიო, შენ, ეი, ფხიზლად!

თითქოს ცის და მიწის შუა ვდგავარ,

თითქოს ფორიაქობს განზრახ გული,

სულში შემოდგომა აგარაკობს,

გულში კვლავ მეჯლისობს გაზაფხული...

მე კი ნეტავ სად ვარ, ან ვინა ვარ,

ვერცერთს ჩემი ვერა შევასმინე,

გული ყვავილობამ გამილაღა,

სული შემოდგომამ შეამცივნა...

ჰოდა შევატოვებ გულს გაზაფხულს,

სულს სურს შემოდგომის კარიბჭენი,

მე კი - ქარის ფაფარს ჩაფრენილი

უსასრულობისკენ გავიჭრები!..
ქალი ხომ,

მარტივით გიჟია...

ხან გკოცნის,

ხან ჩუმად გისმენს...

ხან,

სიტყვას მოგახლის ხინჯიანს...

ხან კიდევ,

შენს ფიქრებს მისდევს...

ქალი ხომ,

მარტივით ფიქრია...

არ იცი, რა უნდა, როდის…

ხან,

შენგან სადღაც, მიქრიან...

ხან კიდევ,

შენთან მორბის...

ქალი ხომ,

მარტივით ლაღია...

ხან წავა,

ხან, ისევ მოვა...

ხან,

წვიმად მოვა თვალღია...

ხან,

მზეში მოვა თოვად...

ვხედავ,

მარტივით ატირდა...

ფიქრებაშლილი ვარდი...

ისევ,

მოვიდა მარტი და…

ხელახლა...

შემიყვარდი...

ზვიად კეჭაყმაძე
გაზაფხულს თვეები უეცრად გასცვივდა...

ამარტდა,

თებერვალს ჩამოვრჩი წვალებით...

ვიგრძენი, უშენოდ... ო, როგორ აცივდა...

მარტი კი, მიყურებს კვლავ შენი თვალებით...

წარსულში დავტოვე ფიქრი და აზრები...

ამარტდა,

თებერვალს საკინძე შეხსნია...

გაზაფხულს, უშენოდ მოვტაცე ფრაზები...

მარტი კი, აქაა და ვიცი, შენშია...

სუსხი და სიცივე მივაგდე კუთხეში...

ამარტდა,

თებერვალს ვივიწყებ ამაოდ...

წარსული აგდია უაზროდ წუმპეში...

მარტი კი, მიბერავს ქარივით მარაოს...

გამექცა უეცრად ფიქრები წარსულთან...

ამარტდა,

თებერვალს მივენდე მაშინვე...

არ ვიცი რა მინდა,

ვერ მივხვდი რა მსურდა...

და მარტიც უშენოდ, ისევე მაშინებს...

და მაინც, იმედი მაგიჟებს შიშველი...

ამარტდა

თებერვალს ფიქრები გასცვივდა...

გაზაფხულს მივენდე,

ვიცი რომ, მიშველის...
უეცრად ავღელდი და მარტიც აწვიმდა...

ზვიად კეჭაყმაძე
ყაყაჩოებმა დამხანძრეს,

გულს ვერ ვიჩერებ საგულეს,

ატმისფერ კაბას ვნატრულობ

და ცვარს ალმასის საყურედ...


ვნატრობ, შენც გწვავდეს აპრილი,

შორეთში, ცხრამთის გადაღმა,

დამიფრთიანდეს ფიქრები,

მარჩიო ყველა ლამაზმანს.


თორემ ისეთი რა მოხდა,

შემხსნია ძოწის ღილკილო,

ბავშვობის ნატვრა წამომცდა,

ღმერთმა სიკეთით მისმინოს.


თეთრმა ოცნებამ დამთოვა,

ყაყაჩოებმა დამხანძრეს,

შენ თუ არ მოხვალ, სხვა მოვა,

მოვა და... ჩემს თავს წაგართმევს!
წვიმა მოვა...თოვლი წავა...ხელისგულზე დადნება...სულის ყველა ფორიაქისიტყვით არ ითარგმნება...მრავალწერტილს ჩავაბარებ,ნისლი გადააფაროს...ყველაფერი გაამჟღავნოს...ყველაფერი დაფაროს...