Thursday, March 17, 2011

ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და

ჰაერივით და მზესავით მჭირდები,

წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და

ასფურცელას ასი ფერით ვირთვები...



ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა

მიპოვნია წუხანდელი სიზმარით,

ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და

ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი...



ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა

ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან,

კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიერობს და

არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან...



ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და

ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ,

ჰაერივით და მზესავით მჭირდები და

წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ...


ელგა ფოლადაშვილი

No comments:

Post a Comment