Saturday, June 11, 2011

ვიღაც მღერის თავისთვის,
მე კი ჩემი მგონია,
მის მაგიერ განვიცდი,
რაღაც მელანქოლიას...
ის კი მღერის, არ იცის,
რომ მე კედლებს ვეხლები,
რომ ჩემს სულში ქარი ქრის,
ბევრად თავგამეტებით...
ვიცი, ეს ყველაფერი
მისთვის წუთიერია,
მე კი გულში გაჩენილ,
ბზარებს ვერ მოვრევივარ...
მღერის, მღერის, მისი ხმა,
მიქრის, მიიკლაკნება,
მკერდზე ვერცხლის თილისმა,
ქრება და იკარგება...
ვეღარ ვუძლებ, წავედი,
ის კი ფრთებსა მთავაზობს,
ისე ვარ ნაწამები
ყველაფერზე ვკამათობ...
სადაც უნდა წავიდე,
ბედი უკან მომყვება...
მთვარე ღრუბლებს ამშვიდებს,
მზე ბრაზობს და ცოფდება... 

Wednesday, June 8, 2011

ვშიშობ, არ მოგიტაცონ...

იცი, როგორ მიყვარხარ?


როგორც ბავშვებს ზღაპრები...


როგორც კი დაგინახავ,


ნირვანაში ვვარდები...


და ტერფიდან კეფამდე


მიპყრობს მელანქოლია;


თითქოს სულს მიკეპავდე,


გაყინულს და თოვლიანს...


როგორ გვიან გამოჩნდი,


ბედი არა მქონია;


ბარბაროსი აღმოვჩნდი,


შენთან ომი მდომია...


მაგრამ, იცი, ძვირფასო,


ომისთვის მენანები,


ვშიშობ, არ მოგიტაცონ,


ვშიშობ, თუ გეყვარები... 

Monday, June 6, 2011

სიმშვიდე სუნთქავს

დამებნა სიტყვა,
დავკარგე რითმა,
სიმშვიდის ხავსი მოედო ფიქრსაც.
გული დამშვიდდა,
თითქოს გაცივდა,
ყველა ტკივილი დაცხრა,დაწვრილდა.


თითქოს ქვეყანა უცებ გარინდდა,
ყველა სურვილი სადღაც გაფრინდა,
თითქოს მზე ცაში მართლა გაფითრდა,
მე კი არ ვიცი,ახლა რა მინდა.


აღარც დარდია,
აღარც იარა,
არც სიხარული გამაჩნია რა.
გრძნობამ მიარა,
გზად ჩამიარა
და ყველაფერმა გადამიარა!


ნინო ალადაშვილი