Tuesday, September 18, 2018

ქრიზანთემები
ბევრი არაფერი -
ოთხი კედელი და ერთი ტახტი,
საშუალოზე დაბალი ჭერი...
ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი,
უსურვილობის დაგედო ფერი.
ზიხარ კუთხეში - მიყრდნობილი საკუთარ წარსულს,
გტკივა ბეჭები...
ოღონდ ეგ არა,
თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს,
ტკივილს ეჩვევი.
ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება,
ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული,
გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება -
მიფურთხებული.
ოხრად დადიან ქუჩა–ქუჩა დიდი გუდებით
კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები.
მაგრამ მოეშვი,
ყელამდე ხარ შენ შენს მორევში.
..................................................
იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით,
აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.
ნიკა ჩერქეზიშვილი