Thursday, May 12, 2011

ორივე

 გინდა? - არასოდეს დამეკარგო, 
თუნდაც სულ არაფერს დამპირდე... 
გინდა? - ორივენი ავიბარგოთ - 
თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?.   
ასე შორი არი ღმერთი რახან, 
გზები ვიახლოვოთ შორივე, 
სხვებმა წერტილებად დაგვინახონ 
ოღონდ მარტო არა... ორივე....   
გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი 
გულში თამაშ-თამაშ მიხუტე, 
მარტში აპრილს სითბო გამოართვი 
და შენს მაისებად მიხატე...   
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია 
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე... 
ხელი აღარავის დავუქნიოთ, 
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ....   
ვიდრე ატომებად დავიშლებით. 
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს 
შენი ოთახი და ბალიშები 
ჩემი ღიმილებით მოგირთო?   
ჰოდა, არასოდეს დამეკარგო, 
სითბო ვატრიალოთ მორევად... 
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ, 
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე. 

                             (ნიკა ჩერქეზიშვილი) 
                                                                                                   

მედარდები

ვერ ვიძინებ 
იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ...   
შენზე ვფიქრობ 
იმიტომ, რომ მენატრები...   
მენატრები 
იმიტომ, რომ კარგი ხარ და...   
კარგი ხარ და, უსაშველოდ მედარდები.   
მედარდები 
იმიტომ, რომ ძლივს გიპოვე...   
გიპოვე და... 
დასაკარგად მენანები...   
მოდი ჩემთან, შემოაღე გულის კარი...   
მონატრებავ, უსაშველოდ მენატრები.

                                              ნელიკო გოგუაძე /ნელ/