Tuesday, November 29, 2011

ელვა შეგფენია თმაში,

ხმაში შეგპარვია დაღლა,

ისე მჭირდებოდი მაშინ-

როგორც არ მჭირდები ახლა.



მიაქვს მიტოვებულ ჩვენს გზებს

სუნი გალეული საპნის,

შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს

ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.



როგორც გატეხილი ღილი,

აწმყო დაკარგვია წარსულს,

ვითმენ ირონიულ ღიმილს,

იოდს იარაზე წასმულს.



რაც წლებს ქარიშხლიან რიგში

მიმქრალ მაჯასავით უცემს-

ჩემი ბედისწერის წიგნში

ვეძებ ამოსახევ ფურცელს...



შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,

დარჩა დატუქსული ბავშვი...

როგორც არ მჭირდები ახლა-

ისე მჭირდებოდი მაშინ...
ისევ მოხვედი, ისევ საოცრად,

ისევ საოცრად მწყურიხარ თურმე,

და ვთვლი, რომ ისევ ჩემი წყარო ხარ,

და რომ ამ წყურვილს მე ვეღარ ვუძლებ!

იქნებ დამცინი, იქნებ არცა ღირს,

ყველაფერს ასე რომ გეუბნები,

რომ მატკბობ, როგორც წვენი შარბათის,

ან გაპობილი მარწყვის ტუჩები...

ისე გელოდი, ისე მინდოდი,

როგორც გვალვიან მინდვრებს წვიმები,

შენ მიდიოდი და მიღიმოდი,

მოხველ და ახლა მე ვიღიმები...

ნუ გეწყინება, ქურდი მგონიხარ,

ჩემი ვნებების, ჩემი გრძნობების,

ვარ გაძარცვული შენი ნდომისგან,

როგორც ალუბლის მწიფე ყლორტები...

სოცარია, სულ არ შეცვლილხარ,

ისევ ანათებ, ისევ ასხივებ,

ნეტა, ცხადია თუ დამესიზმრა,

რა ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაცილებ!