დღეს გულგრილობის აბჯარს ვიკერავ
ხლართად ქცეული დღეთა გორგალით,
გამოვიმწყვდიე ცხრა კარში თავი,
და გაღმით დამრჩა ბედის ბორანი.
მოგისაკლისე და მონატრებულს
თუ უშენობის ტკივილი მტკივა
რა დაგაბროლო?.. დროსთან, ჯალათთან,
ჩემი სურვილით, თავადვე მივალ...
მომნატრებიხარ და ტკივილებიც
გამიიუტდნენ ურჩი ბავშვივით
და დედინაცვალს, კაპას დედაკაცს
ახლა მათ ცემას ვინღა დამიშლის...
მომნატრებიხარ ძლიერ დაღალულს,
ვგრძნობ უშენობით როგორ ვილევი,
უფერულ დღეებს იმ თმებში ვიწნავ
კოშკით გადმოშლას რომ ვუპირებდი.
არ ღირსებიათ ამ ფრთებს გაფრენა,
წყეული მიწა ვერსაგზის დავთმე
და როგორ დაგდო ღალატში ბრალი,
ორგულობაში დრო თუ მე მამხელს.
შემომიძულეს უკვე გრძნობებმაც,
ობლის ტირილით გამოგედევნენ
და მათი კვერიც იმით გამოცხვა
შენ რომ ხელები გამოაგებე...
მომნატრებიხარ და კარგად ვიცი,
რომ მოვეჭიდო არ დამრჩა ხავსიც,
აცდენილი ვართ ერთურთს ხმელეთზე
და როგორ გითხრა რას ვიზამთ ცაში?..
ჭაში ჩაგდებულ კენჭის ძებნას ჰგავს,
ერთურთთან შეყრის ნატვრაც,სურვილიც,
მე კი არ მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას
ერქვას უშენოდ ყოფნის ტკივილი...
ელგა ფოლადაშვილი
No comments:
Post a Comment