Friday, August 5, 2011

მიკვირს...

   
მიკვირს, უშენოდ როგორ გავძელი,
 მთელი ცხოვრება ბინდი მებურა,
 ასე მეგონა, რომ ვეღარავინ
 გამაცოცხლებდა წინანდებურად.
 მაგრამ მოხვედი,
 მიღმიერ ქარებს
 მოჰყევი, როგორც ბაბუაწვერა,
 ჩემი თავიდან გამიხმე გარეთ
 იმ ძველებური ლექსის საწერად.
 სიყვარული კი, სიზმრის ნაფლეთი,
 რომ აგვარიდოს სვებედს საშინელს,
 მუშაითივით ჯიუტად დგას და
 ჩვენს მღიერ ყოფას აშალაშინებს.
 გაირანდება ბოლო ფიცარიც
 და როს ვშორდებით მბრწყინავ სასტუმროს,
 გული გვწყდება, რომ ყველა სიზმარი
 თვლემისას ვნახეთ, უთავსასთუმლოდ;
 და ვეღარც ერთი ვერ ავიხდინეთ,
 რადგანაც სანამ დილის სიცივე
 მოგვისწრებდა და სულს მოგვითქვამდა,
 მანამდე ც ხ ა დ ი გამოვიძინეთ;
 და რომ სიზმარმაც თავის ამოთქმა
 არ მოისურვა, დარჩა მდუმარი...
 ამასობაში ათასჯერ გაცვდა
 მინდვრების ჭრელი თავსასთუმალი.

                           გიორგი ლობჟანიძე

No comments:

Post a Comment