Saturday, July 9, 2011

მე მოვალ შენთან. . .

მე მოვალ შენთან  არა  ისე, როგორც ყოველთვის...
მე მოვალ შენთან სულ სხვანაირი,                            
შენ გამო, შენთვის.    
მოგიტან ვარდებს, პირმოცინარ, სახეგაბადრულ,                                  
გულგადახსნილ ვარდისფერ ვარდებს.          
არაფერს გეტყვი, არ შემოგახვევ ჩემს მღვრიე დარდებს.        
შემოგასხურებ შვების წვეთებს ძველ ტკივილებზე,            
გადაგასვენებ რუხი მთების თეთრ გვირილებზე...              
გაინაბები, გაოცებული ჩემი ქმედებით,    
დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით.      
დახუჭავ თვალებს,                              
თვალებს მოღლილს, სავსეს ტკივილით              
და გადაქანცულს დაგეძინება თბილი ღიმილით...              
მე მოვალ შენთან...                      
მე მოვალ ახლოს,                              
მოვალ ახლოს, მოვალ ახლოს და მოგეფერები,              
მოგეფერები არა სიტყვით,                            
არა შეხებით...  
მხოლოდ ოცნებით – ჩემი ოცნებით,    
მხოლოდ ლოცვით – ჩუმი ლოცვით,                
პაწაწა ლოცვით                            
მოგეფერები...    
მე მოვალ შენთან, არა ისეთი, როგორიც უწინ.    
მე მოვალ შენთან გრძნობით გულუხვი და არა ძუნწი.          
მე დაგიკოცნი...
არა ღაწვებს, არა ბაგეებს,    
რადგან ეს კოცნა კვლავ გაგამწარებს,            
კვლავ მარცხს გაგემებს.    
მე დაგიკოცნი...                
არა თვალებს, არა წამწამებს...    
სულს დაგიკოცნი,                
სულს გატანჯულს, სულს განაწამებს...        
მერე დაგტოვებ არა ისე, როგორც ვიცოდი,
(დაგანახვებ, რომ ადრე თურმე ცუდად მიცნობდი):          
გულში დაგლოცავ, უხმოდ წავალ,  არ გაგაღვიძებ.    
და გრძნობით სავსე, გულით მთელი, სულით ნათელი                    
 სიტყვის უთქმელად გავერევი  უბნის ლოთბიჭებს.          
ღვინოს დავასხამ, ჭიქას ავიღებ
და შენი ლოცვით კვლავ ტვინს წავიღებ...        
შენ კი იხარე, ჰკოცნე ძლიერებს,              
ხელს არ შეგიშლი, იბედნიერე...  
მე მოვალ შენთან, როდესაც გიჭირს – სული გაწუხებს:                                                                                                                       ჩუმად გიშველი  ჩუმად ჩამოგხსნი ტანჯვის მარწუხებს...        
მე მოვალ შენთან, როდესაც გძინავს,
ტკბილ სიზმრებს ხედავ.    
მე მოვალ შენთან,  მოვალ ახლოს,                                      
მოვალ ახლოს და...                                              
მხოლოდ დაგხედავ.                                                            

No comments:

Post a Comment