Saturday, March 9, 2013

დაქუცმაცებული /წვიმიანი/ ფიქრები
                                     
                                                /ნელიკო გოგუაძე/

....

- როგორ ხარ?
პასუხი
- კარგად.
და თავდახრილი გზას აგრძელებ...
ჩურჩულით ამბობ:
- დამიჯერა,
წამით მაინც ჩაეხედა თვალებში.
...
ვაღებ კარადას,
დღეები კიდია თაროზე,
გაყვითლებულებს ნაფტალინის სუნი აქვთ.
გამოვაზამთრებ,
იქნებ გაზაფხულზე დაიყვავილონ.

...
ჩარჩოში ჩავსვი ჩემი სხეული,
ოდესმე საფლავის ქვად გადავიქცევი.

...
მოსაღამოვდა,
უფრო სწორედ უკვე ღამეა...
ფეხმოჭრილი საწოლისაკენ
ხელმკლავით მიმაცილებს ჩემი მარტოობა.

...
ხანდახან ვფიქრობ,
რა უსაშველოდ გრძელია ღამე
რომელსაც მახრჩობელა კომშის
გემო აქვს...
თენდება დილა,
იქნებ სადმე გადაგეყარო.

...
ჩემს გზას მატარებლის ლიანდაგის
მძაფრი გემო აქვს,
ხანდახან ყელში მეჩხირება
და მახრჩობს...
მხოლოდ მაშინ ვსუნთქავ,
შენ თუ გადაგეყრები.

...
ნაქურდალი ნივთივით
ვმალავ და ვუფრთხილდები
ჩვენს სიყვარულს
რომელსაც მზის ალერგია აქვს.

...
მე(ც) მენატრებიო,
მომწერე ერთხელ...
ყველა სხვა ფურცელს სიყვითლე შეპარვია,
ალბათ მონატრება
დიდხანს ყვავილობს.

...
ქოთანში გამხმარა
ჩემი ბედნიერების ხე...
მხოლოდ ახლა მივხვდი,
სხვისი გულიდან მოვიპარე
და ვერ გაიხარა...
შენი ხელიდან დაუსხი წყალი,
ჯერ კიდევ ფეთქავს...
იქნებ იცოცხლოს.

...
დავტოვე სახლი,
ზღურბლს გადაღმა დარჩა წარსული
და ორი წყვილი თვალი,
მესამე რა მოსატანია.
სულ პატარა ხმა მომაცილებს:
დაბრუნდი ჩემო...
მე კი ჯიუტად მარტოობას
სიმშვიდედ ვჩემობ.

No comments:

Post a Comment