Sunday, March 17, 2013
მაპატიეთ
პატიებას გთხოვოთ ყველაფრისათვის,
ჩემო შიმშილო,
სიღატაკევ,
უძლურებავ,
გთხოვთ მაპატიოთ,
რომ ვერასოდეს გაგამზეურეთ
ღვთის სინათლეზე.
ვერ შევძელი თქვენი ტარება
სულის მჭვირვალე სამკაულივით.
გთხოვთ მაპატიოთ,
რომ ჯიბეში ვეძებდი ხურდას,
ჯამში ლუკმას,
სახლში სითბოს,
კარადაში ლამაზ სამოსელს.
გთხოვთ, მაპატიოთ
რომ ხელებში ვეძებდი ძალას,
ჰორიზონტზე მზიური კოშკის ქონგურს ვეძებდი,
სახლს ვალაგებდი განუწყვეტლივ სტუმრის ლოდინში,
და როცა ვიღაც მიკაკუნებდა მოწყალებისთვის,
ვერასოდეს მიგამსგავსე, ჩემო უფალო...
შენც მომიტევე, სიყვარულო,
როგორ გტანჯე, როგორ გაწვალე,
ერთხელაც ვერ გიშინაურე,
სულ გაზაფხულზე რომ გელოდი,
შენ კი თურმე ზამთრის თეთრი სიზმარი იყავ...
გთხოვთ, მაპატიოთ, რომ დაგტანჯეთ ოცნებებო,
ტკივილების ერთგულებით,
შიშით, სევდით, მარტოობით და
სიხარბით, რომ სიცოცხლე
იმაზე მეტი მსურდა ყოველთვის,
ვიდრე თავად ვიყავ ცოცხალი.
გთხოვთ, მაპტიოთ, თქვენც დღეებო, განუცდელებო,
სულო, სიმშვიდის არტახებში ნანანავებო,
გთხოვთ მაპატიოთ,
რომ ვერ გაგკვებეთ ჩემი სიცოცხლის ხმელა ყუათი,
ცრემლიც ვერ გასვით.
გულის ბუდიდან გადმოვარდნილო
ამაოების მოშიშარო წამის ბჟიტებო.
წუთადაც რომ ვერ გაქციეთ,
არამც თუ დროდ, არამც თუ ჟამად.
მარიამ წიკლაური
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment