Monday, December 10, 2012

ლექსებით გესაუბრები
......

თურმე რა ბევრი მინდოდა, მეთქვა,
რამდენი ფიქრი მრჩება უთქმელი,
იკარგებიან სიტყვები შენთან
და მეც ვერაფერს ვერ გეუბნები.

მინდოდა, მეთქვა, რომ თენდებოდა
და ღამდებოდა დღეები უბრად,
რომ გაღვიძებულს აღარ მესმოდა,
თავსმოხვეული რითმების სუნთქვა.

მინდოდა, მეთქვა, რომ მზემ დაკარგა
ჩემთვის ჩვეული სითბო და შუქი,
ლაჟვარდისფერი ზეცის კამარა
როგორ ხდებოდა თანდათან რუხი.

რომ დამინისლა თვალები სევდამ,
ნაცნობ სიხარულს გაუცვდა ფერი,
რომ მონატრების სახელი გერქვა,
და უშენობა გამიხდა ძნელი...

ალბათ ყველაფერს მაინც შეიტყობ,
ფურცელს მივანდე სიტყვა- უთქმელი,
და ახლა მივხვდი, ლექსის წერის დროს,
რომ შენ ლექსებით გესაუბრები.


ნინო ალადაშვილი
09.12.2012

No comments:

Post a Comment