Monday, December 20, 2010

ერთი ნატვრა,

ავიჩემე გუშინ...

მთელი ღამე,

გამეტებით წვიმდა...

დილაა და

მზეს ამოსვლას ვუშლი...

შენს მკლავებში,

გავიღვიძო მინდა...
ნათელი მონატრებისა სივრცეებს არა შორდება,
ხან მაღლა-მაღლა აიწევს ოქრომკედიან ბლონდებად,
ხან ისე ალივლივდება და ისე მიახლოვდება,-
შიგ გავეხვევი,ჩავთბები,ფიქრი ხარობს და ღონდება.

მარგალიტები სევდისა,ხელშენავლები ღმერთისა,
გულის სკნელებში გროვდება...

ვაზა ხორნაული

Sunday, December 19, 2010

დეე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითვლი.
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი.
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა-
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი მტკივა...
სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით, ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი...
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება.
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
რისთვისაც ხშირად ზედმეტია მონანიება.
დე, იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით,
ჩემს ატირებას ნასკვავს ნერვებად
და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...

გაზაფხული მოვიდა, მგონი...