Tuesday, September 18, 2018

ქრიზანთემები
ბევრი არაფერი -
ოთხი კედელი და ერთი ტახტი,
საშუალოზე დაბალი ჭერი...
ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი,
უსურვილობის დაგედო ფერი.
ზიხარ კუთხეში - მიყრდნობილი საკუთარ წარსულს,
გტკივა ბეჭები...
ოღონდ ეგ არა,
თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს,
ტკივილს ეჩვევი.
ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება,
ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული,
გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება -
მიფურთხებული.
ოხრად დადიან ქუჩა–ქუჩა დიდი გუდებით
კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები.
მაგრამ მოეშვი,
ყელამდე ხარ შენ შენს მორევში.
..................................................
იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით,
აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.
ნიკა ჩერქეზიშვილი

Thursday, November 19, 2015

***




      წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!

ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: -წვიმს!
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!

                 ოტია იოსელიანი

Wednesday, April 9, 2014

შენი ხმით მესმის ყველა ლოცვა, შენი ფერი აქვს სივრცეს....

ჩამოგიჯდები სასთუმალთან,
ღამეს გავუთევ სიზმრებს,
იქნება რამემ შეგაშინოს,
ძილი დაგიფრთხოს ვინმემე.

ისევ უჩუმრად გიდარაჯებ,
თითქოს ჩვილი ხარ ისევ,
მერე უსიტყვოდ მოგიყვები
ჩემს სურვილებს და ფიქრებს.

და ყოველ ღამე მე შენს გვერდით
ასე ვიქნები ვიდრე-
სანამ ვსუნთქავ და სული მიდგას,
მე დაგითბილავ სიზმრებს.
...................

შენს ხელიგულებს გეფიცები,
შენს პაწაწინა თითებს,
შენი ხმით მესმის ყველა ლოცვა,
შენი ფერი აქვს სივრცეს....

Sunday, April 6, 2014

შურიანი წვიმა


ახლა ღრუბლებიდან არ ცრის,
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა
წუხელ გალუმპული ცაცხვის
სველი შტოებიდან ცვივა...
წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.
წარბის შეურხევლად წყნარად
ვდგევარ გაშვერილი ხელით,
სველი შტოებიდან წამლად
წვეთის ჩამოვარდნას ველი.
ხეზე მოდარაჯე ელდა
უცებ ააფეთქებს კვირტებს,
ვიღაც მოქალაქე დგება,
ხელში შაურიანს მიგდებს.
თითქოს გადმომასხეს წყალი,
თვალი გავახილე მაშინ...
ასე იაფია წამით
თავის დავიწყება ხალხში?

                              ოთარ ჭელიძე

Saturday, March 1, 2014

მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
როგორ მინდოდი,
სავსე ვარ სევდით და ეჭვებმა
სული დაფლითა,
შეურვებული უმზეობით,
უამინდობით
და ასე გრძელი, უსაშველოდ
გრძელი ზამთრითა.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
მადლობა, ჩემო, ჩემი პოვნა
არ გაგიძნელდა,
მთელი ზამთარი მე ვიცხოვრე
ეჭვთან და ცრემლთან
და ქარიშხალიც მაწამებდა,
ბეჭებს მინგრევდა.
ახლა თუნდ მოვკვდე,
ეს სიკვდილიც არის იოლი,
რადგან გიხილე, შენი ხილვა
რადგან მეღირსა,
ჩემს სხეულიდან ჩემორეცხავს
ნაგავს იორი,
დამასაფლავებს თეთრ ნისლებში
გათენებისას.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
როგორ მინდოდი, როგორ მსურდი,
როგორ მწყუროდი,
ჩემი ტკივილის მიზეზია
დღეს მხოლოდ ეს ცა,
თავის სიტურფით, ეჭვებით და
უსასრულობით.

ტარიელ ხარხელაური





Tina Kachlishvili-(ი)ს ფოტო.



Saturday, February 22, 2014

***


არაფერი,
არაფერი მიჭირს,
დილას წყალში ბანაობდა ჩიტი,
წყლისპირს ნისლი აიმართა, სწორედ
ცრემლისფერი გადაჰკვრიათ წნორებს,
ლამის ჭკვიდან გადავიდე სულმთლად,
ზურგთან მესმის გაზაფხულის სუნთქვა.

                                                   ტარიელ ხარხელაური



Tuesday, February 11, 2014

* * * 
მინდოდა მეთქვა: 
სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა...
სინამდვილეში
სულაც არა ვართ ნამდვილები,
როცა გავრბივართ...
მაგრამ რა არის სინამდვილე...?
_ რასაც ვხედავთ თუ რასაც ვერ ვხედავთ?
_ სად არის სინამდვილე?
_ კარს აქეთ თუ კარს იქით?
_ კარი სად არის...?

არ ვიცი, კარი სად არის და შენ საით დგახარ...
მაგრამ დაგინახე და
შემოდი....

  
                                                                 ცირა ბარბაქაძე